ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელი გამორჩეული იყო საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტებით
ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელი გამორჩეული იყო საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტებით

2022 წელს მიმდინარეობდა 79 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საიდანაც, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 57 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, წელს დასრულდება კიდევ ათი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო დარჩენილის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2024-2025 წლებში, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის შედეგადაც კიდევ 54 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. აქედან გაფორმებულია ხელშეკრულება და სამუშაოები დაწყებულია 11 სკოლაში, გრძელდება სატენდერო პროცედურები.

რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, შარშან მიმდინარეობდა 30 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, საიდანაც უკვე დასრულდა 13 ბაღის მშენებლობა. დარჩენილი ბაღების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2023 წელს დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა, რომლის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 184 ბაღზე, ხოლო დანარჩენ ბაღებთან მიმართებაში მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელი გამორჩეული იყო, ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტებით, საიდანაც უკვე დასრულდა და ფუნქციონირებს ქუთაისის ოლიმპიური აუზი, დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსისა და მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. ასევე, მიუხედავად გამოწვევებისა, გრძელდება სამუშაოები ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების ასაშენებლად, მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბოლნისის, არხილოსკალოსა და წნორის სპორტკომპლექსტების მშენებლობა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ, ასევე, მნიშვნელოვანი იყო 2022 წელს დაწყებული 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებამ შესაძლებლობა მოგვცა, 2023 წელს ღირსეული მასპინძლობა გაგვეწია საქართველოში უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ ვიწყებთ თბილისში ყინულის სასახლისა და ბაკურიანში ბიატლონისა და სათხილამურო-ქროსქანთრის ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც უმასპინძლებს 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას. ამასთანავე, არსებობს გამოწვევები ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონთან მიმართებით. მომზადდა მისი ადაპტაციის პროექტი, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს გარკვეული კონსტრუქციული ხასიათის გამოწვევები. ექსპერტიზის შედეგად გვექნება სრული სურათი, რათა გავითვალისწინოთ ყველა საჭირო სამუშაო და სტადიონის მოთხოვნებთან შესაბამისი ადაპტაციის პროექტი დავასრულოთ 2024 წელს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.