ირაკლი კობახიძე - დავით ჭაკუა მხილებულია რამდენიმე უმძიმეს დანაშაულში, ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა მხილებულია რამდენიმე უმძიმეს დანაშაულში და ის იყო რეჟიმის ერთ-ერთი მძიმე წარმომადგენელი, რომელიც სჩადიოდა უმძიმეს დანაშაულს. ისინი ხელყოფდნენ ადამიანთა ღირსებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ გვიან აღსრულდა სამართალი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაინც აღსრულდა.
„ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, ვინაიდან მათ განახორციელეს ამ მძიმე დამნაშავის ექსტრადიცია. ეს ფაქტი შეახსენებს ყველას, რომ არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე 2012 წლამდე. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად“, – განაცხადა კობახიძემ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა.
დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჭაკუა ფიგურირებს 2012 წელს პატიმართა წამების საქმეში, რის შემდეგაც ციხის კადრები გავრცელდა.