რომან გოცირიძე - დავით ჭაკუა არ მახსოვს, ზოგადად ვიცოდი, რომ იყო ასეთი ადამიანი, რომლის მიმართაც ჰქონდათ პრეტენზიები
რომან გოცირიძე - დავით ჭაკუა არ მახსოვს, ზოგადად ვიცოდი, რომ იყო ასეთი ადამიანი, რომლის მიმართაც ჰქონდათ პრეტენზიები

რამე დანაშაული თუ მიუძღვის ადამიანს, პასუხისმგებლობა პირველ რიგში პირადად მას ეკისრება და ეს უნდა დაადგინოს ობიექტურმა გამოძიებამ და დამოუკიდებელმა სასამართლომ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას საკითხზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, პირადად მას დავით ჭაკუას შესახებ „სმენია, რომ მის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ“.

„დავით ჭაკუა არ მახსოვს. თქვენსავით გოგა ხაინდრავას ფილმებს არ ვუყურებ. თუ თქვენ გინდათ, რაღაცები ამ ფილმიდან მოგიყვეთ, დავსხდეთ და ვუყუროთ. მსმენია მის შესახებ. როცა შეკითხვა დამისვით, წარმოდგენა არ მქონდა. ზოგადად ვიცოდი, რომ იყო ასეთი ადამიანი, რომლის მიმართაც ჰქონდათ პრეტენზიები. ადგილზე ქართული სასამართლო როგორი ობიექტურია ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ადამიანს საშუალება ექნება, დაიცვას საკუთარი თავი საქართველოს სასამართლოში. „ქართული ოცნების“ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, იმდენი სისულელე უთქვამთ. იმასაც ამბობდნენ, რომ ჩვენ ყოველ მეორე წელს საბურავებს ვაგროვებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, თუ პირმა რამე კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, პასუხისმგებლობა პირადად მას ეკისრება.

„პასუხისმგებლობა თუ კი რამე დანაშაული ადამიანს მიუძღვის, პირველ რიგში პირადად მას ეკისრება და ეს უნდა დაადგინოს ობიექტურმა გამოძიებამ და დამოუკიდებელმა სასამართლომ. პასუხისმგებლობა ორნაირია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ადამიანები მიდიან სამსახურებიდან თუ პოლიტიკიდან ან არჩევნებში აგებენ. ასევე პერსონალური პასუხისმგებლობა, თუ კონკრეტულმა ადამიანმა რაიმე სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა. თუ კი ჩაიდინა, ამას დაადგენს სასამართლო და დააკისრებს პასუხისმგებლობას კონკრეტულ პიროვნებას. ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება იმ წარუმატებელი და დანაშაულებრივი რვა წლიანი ქმედებებისთვის არჩევნებში მარცხი. ხოლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება იმ ადამიანების მიმართ, მაგალითად ვინც ხალხი დაარბია, თვალები დასთხარა და ვინც მოიპარა ფული ბიუჯეტიდან. ამ შემთხვევაში პოლიტიკური და პერსონალური პასუხისმგებლობა გამიჯნული იქნება. დამნაშავე ქურდობისთვის დაისჯება, ხოლო დამნაშავე ხელისუფლება პოლიტიკური წარუმატებლობისთვის დაისჯება და მას შეცვლის ოპოზიცია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია 3 ივლისს განხორციელდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.