გიორგი გახარია - იქნებ ადეიშვილიც პოლიტპატიმარია? როგორ შეიძლება მსგავსი კითხვების დასმა
გიორგი გახარია - იქნებ ადეიშვილიც პოლიტპატიმარია? როგორ შეიძლება მსგავსი კითხვების დასმა

იქნებ ადეიშვილიც პოლიტპატიმარია? – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც ზურაბ ადეიშვილმა მისწერა გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დავით ჭაკუა პოლიტპატიმარია.

„როგორ შეიძლება მსგავსი კითხვების დასმა. მე ხომ არ ვსაუბრობ კონკრეტულ, დასრულებულ, განაჩენდამდგარ საქმეებზე, ჩვენს მოქალაქეებს ხომ მეხსიერება აქვთ და მსგავსი თემებით სპეკულირება აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია 3 ივლისს განხორციელდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.