ირაკლი კობახიძე - სასამართლო რეფორმის მეოთხე ფაზა მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე დასრულდება
სასამართლო რეფორმის მეოთხე ფაზა მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი განაგრძობს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორები – ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები. ირაკლი კობახიძემ ამისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხით დაინტერსებულ ყველა მხარეს მოუწოდა, კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში.
„მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს“, – აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, როგორც დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ამავდროულად, უმრავლესობა აცხადებს მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოამზადოს წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ასევე მმართველი გუნდი მიმართავს ვენეციის კომისიას ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.