ირაკლი კობახიძე - ვაცხადებთ მზაობას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მოვამზადოთ წინადადებები, რომლებიც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება
ირაკლი კობახიძე - ვაცხადებთ მზაობას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მოვამზადოთ წინადადებები, რომლებიც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება

ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი მიმართავს ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე.

კობახიძის განმარტებით, სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორები – ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც. მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს. მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტს, რომელიც ცხრა დეპუტატმა მოამზადა, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.