საპრეზიდენტო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებდა გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ასე შემდეგ, თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც არ დაუდია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ „ეროვნული ბანკის შესახებ“ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
წამყვანის შეკითხვაზე, „ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის წარმოიშვა უთანხმოება, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურაზე პრეზიდენტმა გითხრათ უარი. რა კონსულტაციები მიმდინარეობდა, იყო რეალურად შეთანხმება, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარადგენდა, მისგან გქონდათ თუ არა თანხმობა?“ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსულტაციები მაღალ დონეზე მიმდინარეობდა.
„მე პირადად არ ვიყავი ჩართული ამ კონსულტაციებში. იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები. საერთაშორისო პრაქტიკას რომ შეხედოთ, წინასწარ გადიან კონსულტაციებს, რის საფუძველზეც ჯერდებიან კანდიდატებზე და ამის შემდეგ გადიან პარლამენტში შესაბამისი კანდიდატები. აქაც არის ჯანსაღი პროცესი, იმართებოდა კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის. კონსულტაციების საფუძველზე, თანხმობა განაცხადა პრეზიდეტმა კონკრეტულად ლაშა ხუციშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. ჯერ საუბარი იყო თებერვალზე, შემდეგ – მარტის პირველ ნახევარზე. დრო იყო დაკონკრეტებული, თუმცა, ამის შემდეგ პრეზიდენტმა რატომღაც პოზიცია შეცვალა. რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ წლის ბოლომდე საერთოდ არ წარადგენდა კანდიდატურებს. ეს ძალიან მიუღებელია. პრეზიდენტმა, მაგალითად, წარადგინა ასევე ყოფილი მინისტრი, მერე მინისტრის მოადგილე იყო, მმართველი გუნდის წევრი, რომელიც დღეს არის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. იქ თუ არ ჰქონდა კითხვის ნიშნები, აქ რატომ აქვს? ეს ყველაფერი საბაბია. ნათია თურნავა ერთი შემთხვევაა, რომელიც მინისტრი იყო წლების განმავლობაში, შემდეგ დატოვა პოზიცია, ასევე იყო ნიკოლოზ გაგუა. არაერთი ასეთი შემთხვევაა. ერთ შემთხვევაში არ გაწუხებს და მეორე შემთხვევაში – გაწუხებს, ჩანს, რომ ეს საბაბია.
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს აკრიტიკებდა გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ასე შემდეგ, თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც არ დაუდია. რაშია განსხვავება, არის ორი კანონი. ერთი არის პრეზიდენტის ვეტო და მეორე – ჩვენ მიერ მიღებული კანონი. განსხვავება რა არის, რომ ერთი კანონი ითვალისწინებს სამ ვიცე-პრეზიდენტს, ანუ პრეზიდენტის ვეტო, და ჩვენი კანონი ითვალისწინებს პირველ ვიცე-პრეზიდენტს და ორ ვიცე-პრეზიდენტს. ამაზე როგორ შეიძლება, ან გაოგნდე, ან თქვა, რომ რაღაც გამოუკიდებლობას დააკარგვინებს ორგანოს და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან კომპეტენტური, დამოუკიდებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები.
„ჩვენ გვქონდა სავალუტო კრიზისი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვქონდა ასევე ინფლაციის პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც იყო კონკრეტული ეჭვები, შენიშვნები. თავის დროზე „ნაციონალი“ ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მაშინ, მართალია, იყო გლობალური ვითარებაც პრობლემური ლარის კურსის კუთხით, ანუ სავალუტო კრიზისი იყო ზოგადად რეგიონში, მაგრამ იყო ეჭვი, რომ ქადაგიძე ამას ხელოვნურად წაახალისებდა. ქადაგიძე არის ცნობილი „საბოტაჟნიკი“, დღესაც აგრძელებს თავის შესაბამის პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვეულებრივი აგენტი იყო და პირდაპირ იყო დაკავებული საბოტაჟით. გვენეტაძეზე არ მინდა საუბარი. გუნდის კონკრეტულ წევრებს ჰქონდათ შენიშვნები ეროვნული ბანკის კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც განაპირობებდა იმას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იყო უფრო მაღალი, ვიდრე რეგიონის ან ევროპის სხვა ქვეყნებში. ამაზე იყო შენიშვნები, მაგრამ ამაშიც არ მინდა შესვლა. აქ საუბარი არ არის გუნდის წევრობაზე, მაგრამ პარლამენტი რატომ არის ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ ელემენტარული გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან კომპეტენტური პირები“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, წამყვანის შეკითხვაზე, – „პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში წარადგენს ორ კანდიდატს, რატომ არ დაელოდეთ და რატომ დაძლიეთ ვეტო?“ – კობახიძემ განაცხადა:
„ამ კანდიდატებს თუ წარმოადგენს კონსულტაციების გარეშე, ეს იქნება აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯი. ამდენი ხანი გვეუბნებოდა, ლაშა ხუციშვილს წარმოვადგენო და სამჯერ გადაგვაგდო. ახლა რა გარანტია გვაქვს? ამიტომ დავძლიეთ ვეტო. ასეც და ისეც მოგვარდება ინსტიტუციური კრიზისი, პრობლემა აღარ შეიქმნება და შემდეგ წარმოადგინოს. ფაქტია, ვიდრე ჩვენ ვეტო არ დავძლიეთ, მანამდე საუბარიც კი არ იყო კანდიდატების წარმოდგენაზე. პირიქით, გვითხრა, რომ წლის ბოლომდე არ აპირებდა კანდიდატების წარდგენას. არც იფიქროთ ამაზეო. მე ეს ინფორმაცია მაქვს, ასეთი უხეში ფორმით იყო საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მეტყველებს უდიერ დამოკიდებულებაზე ეროვნული ბანკის ინსტიტუტის მხრიდან. ჩვენ გვინდა, ეროვნულ ბანკში იყოს კომპეტენტური, დამოუკიდებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი.
არავის ახსოვს არც ქადაგიძე, არც გვენეტაძე. როდესაც პრობლემები იყო ინფლაციასთან და დევალვაციასთან დაკავშირებით, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით, ვისკენ იშვერდნენ ხელს? ეს იყო „ქართული ოცნება“. არც ქადაგიძე, არც გვენეტაძე, არც ეროვნული ბანკი. ყველას ახსენდებოდა მმართველი გუნდი. მართლა ასეა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში არ იყოს ეკონომიკური პრობლემები, ლარის კურსი იყოს მყარი და ინფლაციის კუთხით არ იყოს პრობლემები. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს მმართველი გუნდის ინტერესი. ხალხი ჩვენკენ გამოიშვერს ხელს, თუ ეროვნული ბანკის მიერ წარმართული პოლიტიკა არ იქნება რაციონალური. ამიტომ მმართველი გუნდის ინტერესი უნდა იყოს სათანადოდ გათვალისწინებული, როცა შეირჩევიან ეროვნული ბანკის საბჭოსთვის კომპეტენტური კადრები. აქ გასაკვირი არაფერი არ არის, პირიქით, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური.
ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ სიმყარე შემოგვაქვს ამ ყველაფერში. კანონში კი არ წერია, რომ მესტვირიშვილი არ უნდა იყოს მოვალეობის შემსრულებელი. რატომ ეშინიათ ეროვნული ბანკის საბჭოსი, შვიდი წევრი არის. გამოდის, რომ ვიღაცას საბჭოსი ეშინია, რომ ის აირჩევს არა, მაგალითად, მესტვირიშვილს, არამედ სხვას. ეროვნული ბანკის საბჭოსი ეშინიათ და ამიტომ აპროტესტებენ ამ კანონს? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი? რეალურად, იმ ადამიანებს, ვინც აპროტესტებენ ამ კანონს, არ აწყობთ ინსტიტუციური სიმყარე. აქ გვარებზე კი არ არის საუბარი. საბჭო თუ აირჩევს მესტვირიშვილს, იქნება მესტვირიშვილი, აირჩევს გაგუას, იქნება გაგუა, თურნავას თუ აირჩევს, იქნება თურნავა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.