ეროვნული ბანკი - აპრილში, მარტთან შედარებით, ლარი დოლარის მიმართ გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7188-დან 2.6955-მდე, ანუ 0.9%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 3.1460-დან 3.1481-მდე, ანუ 0.1%-ით გაუფასურდა.
მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6920 და 3.1499 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7015 იყო, მინიმალური კი – 2.6920. თვის განმავლობაში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურზე ორჯერ მეტად იყო გადახრილი.
„აპრილში, საშუალოდ დოლართან მიმართებით, საქართველოს თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტა გამყარდა, გარდა თურქული ლირისა. შესამჩნევი იყო რუსული რუბლის გამყარება, ასევე გამყარდა ევრო, ლარი და სომხური დრამი. აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 0.5%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში კი 0.6%-ით გამყარდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, აპრილში წლიურად – 2.0%-ით, თვის ჭრილში კი 0.1%-ით გამყარდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს.
„გლობალურად მომატებული გაურკვევლობის და გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციები გაიზარდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.