ირაკლი კობახიძე- რუსეთთან მტკიცე წითელი ხაზები გვაქვს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება არასდროს გადაკვეთს
ირაკლი კობახიძე- რუსეთთან მტკიცე წითელი ხაზები გვაქვს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება არასდროს გადაკვეთს

ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას, პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ”განაცხადა.

მისი თქმით, ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია ორ მთავარ საკითხთან, პირველი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს წითელი ხაზი არასდროს იქნება გადაკვეთილი ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ. მეორე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება ცხინვალის ციხეში, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას მოაქვს სიკვდილი და ადამიანის უფლებების ხელყოფა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, სამ ქვეყანას საერთო გამოწვევები აკავშირებს, განსაკუთრებით – ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო მატებს მნიშვნელობას ერთად დგომას.

„ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, განსაკუთრებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ უფრო მატებს მნიშვნელობას ჩვენს ერთად დგომას, რათა ერთად ვუპასუხოთ უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს. ჩვენი თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო განზომილება ამისთვის კიდევ ერთ შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ ყველა, რუსული აგრესიის მსხვერპლი ვართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ახორციელებს და რომელსაც, ფართოდ უჭერენ მხარს ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. ირაკლი კობახიძის თქმით, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მძიმე ვითარებაა.

„ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ პოლიტიკა და მიდგომა რუსეთის ფედერაციასთან და რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. ეს პროგრესი, ძირითადად, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება, ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. რუსეთი რჩება აგრესიულ ძალად და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში-აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მძიმე ვითარებაა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ადამიანთა გატაცება თითქმის ყოველდღიურად ხდება. საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება არის არა გაყინული კონფლიქტი, არამედ, ამ ვითარებას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მოაქვს სიკვდილი და ადამიანის უფლებების ხელყოფა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს საერთაშორისო საზოგადოებამ.

„ჩვენი უკრაინელი და მოლდოველი მეგობრებიც იმავე პრობლემების წინაშე დგანან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სამივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება იდგეს ჩვენთან ერთად. უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ყურადღება მიაქციოს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამ ქვეყანას სურს, შექმნას დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემები.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობა. „ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქვეყნის განვითარებას. გამოცდილების გაზიარება სამივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის დემოკრატიულ , ეკონომიკურ და  სოციალურ რეფორმებს ჩვენი ქვეყნების გასაძლიერებლად. ეს რეფორმები ღირებულებებთან არის კავშირში. გვინდა, შევქმნათ ისეთი სისტემები, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს, ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება და გვწამს, რომ ამ რეფორმების მეშვეობით, საბოლოოდ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული და საგარეო პოლიტიკის მიზნები მიღწეული იქნება. მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს მეგობრებს უკრაინიდან და მოლდოვიდან და რა თქმა უნდა, მათგანაც მივიღოთ საქართველოსთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი გამოცდილება. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და გვაერთიანებს საერთო მიზნები, რომლებიც, ძირითადად, დასავლურ ინტეგრაციას და შიდა რეფორმებს უკავშირდება. თუ ერთად ვიდგებით, საერთაშორისო საზოგადოებასთან, გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევა დასავლური ინტეგრაციისა და შიდა რეფორმების მიმართულებით, წარმატებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დასავლური ინტეგრაცია ქართველი ერის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა და ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა ხალხში მაღალია. „დასავლური ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ქართველ ერს სწამს, რომ ჩვენ ისტორიულად ვართ დაკავშირებული ევროპულ ოჯახთან და ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული. სწორედ ეს აძლიერებს ჩვენს მისწრაფებებს. ​გახდეს ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკურ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი-ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ნება ქართველი ერისა და თუ ერთად ვიდგებით, გვწამს,ამ მიზნებს მივაღწევთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუმ. გამომსლელებმა უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.