ირაკლი კობახიძე - პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში აკეთებენ რუსულ საქმეს და შემჩნეული არიან რუსეთთან ღია თუ ფარულ კავშირებში
პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში აკეთებენ რუსულ საქმეს და შემჩნეული არიან რუსეთთან ღია თუ ფარულ კავშირებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „გუშინ არ იყო მხოლოდ პარტიული პროტესტი, ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი“.
„პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს და რომლებიც შემჩნეული არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან. ეს იყო მაგალითად, რომ გავყვეთ სახელებსა და გვარებს, ნინო ბურჯანაძე, რომელიც აპროტესტებდა პოზნერის ვიზიტს საქართველოში მთელი თავისი ოჯახით, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ასე შემდეგ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან „ნაცმოძრაობის“ ოფისში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ბევრად უფრო მძიმე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რასაც აფრიალებდა გუშინ რუსული საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს, ისინი „აპროტესტებდნენ“ გუშინ მათ შორის რუსეთის მოქალაქის ვიზიტს საქართველოში. გუშინ არ იყო მხოლოდ პარტიული პროტესტი. იყვნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც იმავდროულად არიან რუსეთის საქმის მკეთებლები და დაკავშირებული პირდაპირ რუსეთთან. ეს არ იყო მხოლოდ პარტიული პროტესტი. ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი.
რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, აქ ბუნებრივია, პოზიცია არის ცალსახა. ეს პოზიცია იყო გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალურ რეაქციაში. ცალსახად დარღვეული იყო კოვიდრეგულაციები და ამასთან დაკავშირებით ამოქმედდა შესაბამისი სანქციები როგორც სასტუმროს მიმართ, ასევე სტუმრების მიმართ. კოვიდრეგულაციების დარღვევა, ბუნებრივია, არ შეიძლება, დარჩეს უპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან იყო მყისიერი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.
აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, შსს-მ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმა.
„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.