ირაკლი კობახიძე - მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები მართვის სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას ემსახურება
პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას და ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი ხარჯების ოპტიმიზაციაც იქნება, შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებები ყველა თვალსაზრისით დადებით შედეგებს მოიტანს.
„ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელსაც ეფუძნება პრემიერის ეს ინიციატივა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ბუნებრივია, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი იქნება ასევე ხარჯების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია, აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით, ეს ცვლილებები მოიტანს დადებით შედეგებს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, ირაკლი კობახიძის მიიჩნევს, რომ ფინანსთა და შს მინისტრების კანდიდატურები შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა პასუხობდეს შს და ფინანსთა მინისტრი.
“ვფიქრობ, რომ ორივე კანდიდატს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს და გაიზრდება ორივე უწყების მართვის ეფექტიანობის ხარისხი. გიორგი გახარია არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური, უნარიანი კადრი ჩვენ მთავრობაში და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან კარგი და ეფექტიანი შს მინისტრი იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.