ირაკლი კობახიძე - „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტს სიღრმისეულად განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელს დავუჭიროთ მხარი
ირაკლი კობახიძე - „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტს სიღრმისეულად განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელს დავუჭიროთ მხარი

სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს და, საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელს დავუჭიროთ მხარი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ზოგადად, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს ეხება.

„გუშინ როგორც გავიგეთ, მეორე კანონპროექტიც დაინიცირდება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს იქნება ამერიკული კანონის ასლი, რომელთან დაკავშირებითაც ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. მე ვარ იურისტი და შემიძლია, როგორც იურისტმა, გითხრათ, რომ ამერიკული კანონი არის უმძიმესი. არ ვიცი, ჩვენ შეგვიძლია, ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. ზოგადად, თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს და, საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელ კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებებს, რომ ასეთ კანონპროექტზე მსჯელობა ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი და ევროინტეგრაციის შეფერხებაა. ირაკლი კობახიძის თქმით, სინამდვილეში, ეს ყველაფერი ტყუილია.

„ხედავთ, რომ ამერიკაში მოქმედებს ანალოგიური კანონი, ბევრად მკაცრი, არაადეკვატურად მკაცრი კანონი. მგონია, რომ ჩვენთვის ასეთი კანონის მიღება არ არის სწორი. რაც შეეხება ევროპას, იქაც დაიწყეს მსჯელობა ასეთი კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ევროპის სახალხო პარტია არის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელმაც დაიწყო ამ საკითხის ინიცირება. ისინი საუბრობენ ამერიკული FARA-ს კანონის, ანუ ამ კანონის კოპირებაზე.  შესაბამისად, როგორ შეიძლება, ამ ყველაფერს ჰქონდეს წინააღმდეგობა ევროინტეგრაციასთან ან სხვა მსგავს საკითხებთან, ეს არის წარმოუდგენელი. ამერიკაში მოქმედებს ასეთი კანონი, ევროკავშირში ახდენენ ასეთი კანონპროექტის ინიცირებას, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად არარელევანტურია მსჯელობა, რომ ამ კანონპროექტმა შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაცია.

ამერიკის შეერთებული შტატები გამოირჩევა ძლიერი სუვერენიტეტით და ამისი ერთ-ერთი საფუძველია, მათ შორის FARA-ს კანონი. ამერიკის შეერთებული შტატები თავს იცავს ნებისმიერი შესაძლო მცდელობისგან, ხელყოფილი იყოს მისი სუვერენიტეტი. არ არის დაკონკრეტებული არც მტრული სახელმწიფო, არც არამტრული სახელმწიფო, ის ეხება აბსოლუტურად ნებისმიერ საგარეო ინტერვენციას. რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, ანუ კანონპროექტს, რომელიც არის ინიცირებული „ხალხის ძალის“ მიერ, საუბარია მხოლოდ სუბიექტების გარკვეულ წრეზე და მკაფიო კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ეს წრე. სინამდვილეში, საუბარია, რომ თუ რომელიმე საგარეო ძალა, უცხო ძალა დებს ფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციაში, არასამეწარმეო იურიდიულ პირში და ეს არის ორგანიზაციის დაფინანსების 20%-ს, ამ შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებული ხდება, გამჭვირვალე გახადოს თავისი ფინანსები. ეს არის ამ კანონპროექტის არსი. მიზანი არის იგივე, რაც აქვს მას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოღონდ ამ მიზნის მიღწევა ხდება პროპორციული ზომებით, ანუ ამერიკული ზომები არის დისპროპორციული, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ის ზომები, რომლებიც გათვალისწინებულია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ პირველ კანონპროექტში, არის პროპორციული და შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამერიკული კანონი არის უმძიმესი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და მეორე მხარეს არის „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 14 თებერვალს პარლამენტში დააინიცირა. გუშინ „ხალხის ძალაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთონ ახალ კანონპროექტს „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგია. როგორც „ხალხის ძალის“ წევრებმა განმარტეს, ალტერნატიული პროექტის ფონზე საზოგადოებასაც, ოპონენტებსაც მსჯელობის უფრო მეტი საშუალება ექნებათ და სპეკულაციისთვის სივრცე არ დარჩებათ.