ძალიან კარგია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ მხრიდან თანდათანობით შეცდომების აღიარება ხდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეცდომები არის არა „ფრიდომ ჰაუსის“, არამედ იმ მიკერძოებული ორგანიზაციებისა და სუბიექტების ბრალი, რომლებიც ამ ორგანიზაციას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
„არის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, რომლის ინფორმაციასაც ეფუძნებოდა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში. სამწუხაროდ, ამ მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა არასწორი დასკვნა მთელი რიგი ხარვეზებით, ფაქტობრივი უზუსტობებით. ძალიან კარგია, რომ ეს უზუსტობები სწორდება. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ანგარიშის გაკრიტიკება, უზუსტობებზე და შეცდომებზე მითითება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც „ფრიდომ ჰაუსია“, ფაქტების გადამოწმების დამოუკიდებელი მექანიზმი, კობახიძე აცხადებს:
„რა თქმა უნდა, ანგარიშზე პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში ეს ორგანიზაციაა. ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ხარვეზები და შეცდომები, რაც არის წარმოდგენილი ანგარიშში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ლომის წილი ამ ყველაფერში არის იმ ორგანიზაციების მხარეს, რომლებიც საქართველოდან აწვდიან არასწორ ინფორმაციას ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის ანგარიშში მედიაჰოლდინგ „იმედთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ორი მცდარი ფაქტი აღიარა და შენიშვნის სახით გაასწორა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 12 აპრილს გამართა ბრიფინგი, რომელზეც Freedom House-ის ანგარიშში არსებულ უზუსტობებზე ისაუბრა.