ირაკლი კობახიძე - ეს არ იყო ერთი ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია, მაქსიმალური ზიანი მიადგეს სახელმწიფოს
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა იმ ყველაფერს, რამაც მოგვიტანა ძალიან მძიმე შედეგები, ახლა იგივეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც სახელმწიფოს მიმართ მტრულად არის განწყობილი.
„ეს არის ამ ყველაფრის გამოძახილი. ეს არ იყო ერთი ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია, მაქსიმალური ზიანი მიადგეს სახელმწიფოს. ბუნებრივია, ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საფრთხე ექმნება სახელმწიფო ინტერესებს, ზიანი ადგება სახელმწიფო ინტერესებს, თითოეულ შემთხვევაში ხელისუფლების რეაქცია აუცილებლად მყისიერი იქნება.
„რეაგირების ადრესატი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ ინსტრუმენტები. მტრული პოლიტიკური ძალა ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ყველა რეაქციის ადრესატი უნდა იყოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“.
ჩვენ თუ დავუპირისპირდებით „ნაცმოძრაობას“ ადეკვატურად, ეს არათუ საფრთხეს არ შეუქმნის არაფერს, არამედ პირიქით, წაადგება სახელმწიფოს. სადაც საფრთხე ექმნება სახელმწიფო ინტერესებს, ზიანი ადგება სახელმწიფო ინტერესებს, თითოეულ შემთხვევაში ჩვენი რეაქცია იქნება აუცილებლად მყისიერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რა ფორმით უნდა მოხდეს დაპირისპირება, კობახიძემ განაცხადა:
„ამ წლების განმავლობაში, ყველა ერთად, მათ შორის ხელისუფლებაც, საზოგადოებაც რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“, არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. როცა არის მტერი, უნდა დაერქვას მტერი. ეს არის პრინციპული პოზიცია – მტერს უნდა დაერქვას მტერი. ეს პოლიტიკური ძალა არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ. ასეთი იყო ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ. ეს არის გამოხატული არა მხოლოდ მათ ზოგად პოლიტიკაში, არამედ ყველა კონკრეტულ ნაბიჯში, რომელიც იდგება ამ პოლიტიკური ძალის მიერ. მათ შორის პარლამენტში, ერთი და მეორე განშტოება, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, მუდმივად წარადგენდა ისეთ ინიციატივას, რომელიც პირდაპირ აზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. მათ ვეფერებოდით, გვეშინოდა, არ მოეწებებინათ ჩვენთვის პრორუსის იარლიყი. ეს იარლიყი ზედმიწევნით შეეფერება ამ პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, „როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“. საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.
გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს, ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.
„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.