ირაკლი კობახიძე - ერთობლივი განცხადების ხელმოწერისთანავე, ამ ყველაფერს ოპოზიციისგან სპეკულაციების კასკადი მოჰყვა, საერთო ჯამში, ისევ ჩვენს პარტნიორებს მოუწიათ ნათელის მოფენა
ირაკლი კობახიძე - ერთობლივი განცხადების ხელმოწერისთანავე, ამ ყველაფერს ოპოზიციისგან სპეკულაციების კასკადი მოჰყვა, საერთო ჯამში, ისევ ჩვენს პარტნიორებს მოუწიათ ნათელის მოფენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმებასთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული.

მისივე თქმით, ერთობლივი განცხადების ხელმოწერისთანავე, ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფერს სპეკულაციების მთელი კასკადი მოჰყვა.

კობახიძის განმარტებით, საერთო ჯამში, აღნიშნულ საკითხზე ნათელის მოფენა ისევ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწიათ.

„როგორც მოგეხსენებათ, გარდა 8 მარტის შეთანხმებისა, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, სადაც საუბარია მარტივ რამეზე, ვციტირებ – აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმული იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

ტექსტი არის ძალიან მკაფიო, ძალიან მარტივი, თუმცა ერთობლივი განცხადების ხელმოწერისთანავე, ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფერს მოჰყვა სპეკულაციების მთელი კასკადი და საერთო ჯამში, ისევ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწიათ ნათელის მოფენა ამ თემაზე.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ პირველი მოსმენის წინ, 19 ივნისს, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ფასილიტატორმა ელჩებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ძალიან ნათლად მოუწოდეს ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ.

ეს მოხდა ზუსტად კენჭისყრის წინა დღეს და ძალიან ნათელია, ვინ იყო ადრესატი. მაშინ დაიდგა კიდევ ერთი პოლიტიკური სპექტაკლი რადიკალური ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან. ისინი ისევ შეეცადნენ, რომ შეცდომაში შეეყვანათ ქართული საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამის შემდეგ, უკვე მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ბოიკოტის შემდეგ, 23 ივნისს, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ის იმედოვნებდა, რომ საბოლოო მოსმენისას კანონპროექტს მხარს დაუჭერდა 140 დეპუტატი. არითმეტიკა არის ძალიან მარტივი, ძალიან მარტივია იმის დადგენა, თუ ვის გულისხმობდა ამ შემთხვევაში კარლ ჰარცელი. რა თქმა უნდა, ეს იყო რადიკალური ოპოზიცია. კიდევ ერთი მოწოდება რადიკალური ოპოზიციის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა თქვენ იცით, რომ მეორე მოსმენის დროს, რადიკალური ოპოზიციის ორივე წარმომადგენელმა პარტიამ, „ნაცმოძრაობის“ ორივე განშტოებამ უარი თქვა ელჩის ამ მოწოდების შესრულებაზე.

შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება ამერიკის ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან, რომელმაც ძალიან მკაფიოდ მოგიწოდათ თქვენ კიდევ ერთხელ, მხარი დაგეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, კერძოდ, კელი დეგნანმა ბრძანა – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის სრული მხარდაჭრით იყოს მიღებული. ეს განცხადება გაკეთდა მესამე მოსმენის წინ. მგონი, აქაც ყველაფერი ძალიან ნათელია. მაგრამ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ელჩებმა თქვენგან ვერ მიიღეს ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა დღეს განაცხადა, რომ გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა.