ირაკლი კობახიძე - 2013 წელს, საქართველოში რომ შემდგარიყო გერმანიაში ნიურნბერგის პროცესის მსგავსი რამ და რეჟიმი გასამართლებულიყო, იქნებოდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რეჟიმის შეფასებას კონკრეტულმა ფაქტორებმა შეუშალა ხელი
ირაკლი კობახიძე - 2013 წელს, საქართველოში რომ შემდგარიყო გერმანიაში ნიურნბერგის პროცესის მსგავსი რამ და რეჟიმი გასამართლებულიყო, იქნებოდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რეჟიმის შეფასებას კონკრეტულმა ფაქტორებმა შეუშალა ხელი

ყველანაირი ობიექტური სამართლებრივი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა დადგეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ყველანაირი ობიექტური სამართლებრივი საფუძველი არსებობს 2012 წლიდან მოყოლებული და მანამდეც არსებობდა, თუმცა, არის გარკვეული პოლიტიკური ფაქტორები, რაც ამას შეიძლება, ხელს უშლიდეს. თქვენ გახსოვთ, მათ შორის, როდესაც საუბარი იყო თუნდაც, კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე, ყოველთვის იყვნენ კონკრეტული ლობისტები, რომლებიც ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და წარმოიდგინეთ, იგივე რომ გავრცელდეს არა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკოსებზე, არამედ პოლიტიკურ პარტიაზე, როგორც ასეთზე. არის რაღაცები, რაც ალბათ, ხელს უშლის ამ ყველაფერს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც გადაცემის სტუმარს იმ განცხადების საპასუხოდ, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ არის კრიმინალური წარსული პარტია, ჰკითხა, ასეთ შემთხვევაში, რატომ არ დგება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის პასუხისმგებლობა და რატომ არ დგება ეს საკითხი თუნდაც, მათთვის რეგისტრაციის შეჩერების საგანი.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სამართლიანობის დამკვიდრებას ხელს უშლიან ვიღაც ლობისტები, რაღაც გარემოებები და ა.შ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს ცალსახად შეიძლება, ითქვას.

„მეტსაც გეტყვით, 2013 წელს რომ შემდგარიყო რაღაც იმდაგვარი, რაც იყო მაგალითად, გერმანიაში ნიურნბერგის პროცესი და რეჟიმი გასამართლებულიყო, რა თქმა უნდა, ქვეყანაში იქნებოდა გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და იქნებოდა კონსტრუქციული და არა პოლარიზებული პოლიტიკური ურთიერთობები. როდესაც შენ დამნაშავე ხარ, ბუნებრივია, იძულებული ხარ, იყო აგრესიული. დამნაშავე არადამნაშავის მიმართ ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე პირიქით. იმიტომ, რომ მას აწუხებს საკუთარი ცოდვები და ის არის საკუთარი ცოდვების მძევალი. იმას, რომ რეჟიმის შეფასება ვერ მოხდა, თუ არ მოხდა, როგორც იყო, სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდა. მათ შორის, თუნდაც, კოალიციურობა 2012 წლის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. იყო კონკრეტული ფაქტორები, რამაც ხელი შეუშალა რეჟიმის შეფასებას. სხვანაირად რომ მომხდარიყო, თეორიულად და რეჟიმი შეფასებულიყო, ბუნებრივია, პოლარიზაცია დღეს საერთოდ არ იქნებოდა. გამორიცხულია, ეს ასე ყოფილიყო“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა ეს შესაძლებლობა ხელიდან გაშვებული დღეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცხრა წელი გავიდა და სამწუხაროდ, ქვეყანა ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოვიდა, მაგრამ დღეს ძალიან კარგი წინაპირობებია შექმნილი იმისთვის, რომ ეს წრე გაირღვეს.

„ამის თქმას აქვს კონკრეტული საფუძველი. ერთი, რომ არჩევნები მოვიგეთ, სამი წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება და ეს მოცემულობა, ანუ, სამწლიანი პოლიტიკური მშვიდობა, რა თქმა უნდა, იძლევა წინსვლის საშუალებას. მეორე, მათი ბელადი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მუდმივი არეულობის ფაქტორი იყო, ციხეშია. ეს არის ორი მნიშვნელოვანი მოცემულობა, რომელიც იძლევა ვითარების რადიკალურად შეცვლის და პოლარიზაციის წრის გარღვევის საშუალებას. მთავარია, ჩვენ, ყველამ ერთად, არა მარტო „ქართულმა ოცნებამ“, არამედ მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.