ირაკლი კიკნაველიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების შემოთავაზებულ მოდელს ვუყურებ, როგორც პროცესს
ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მოდელს ვუყურებ, როგორც პროცესს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„როცა მოლაპარაკებები დაიწყო, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოლაპარაკებებზე მოვიდნენ ბავშვური, დესტრუქციული და რადიკალური იდეებით, რომ არანაირი დათმობა არ იქნება. მათი მესიჯი ეს იყო – კი, ჩავაგდეთ პროპორციული, მაგრამ არაფერს არ დავთმობთ და ახლა, ამ შეხვედრებზე იმისთვის მოვედით, რათა აგიხსნათ, რატომ არაფერი შეიცვლება. ხომ ვნახეთ, რომ თურმე, შეიძლება ცვლილება?! ამიტომ, რაც შეეხება ხელისუფლების შემოთავაზებას, 50-100-ზე, მიმაჩნია, კარგია ამ მიმართულებით რომ წავიდნენ და მიხარია ის, რაც დღეს მოვისმინეთ, რომ ხელისუფლება ამ ფორმატს, მოლაპარაკებას და დიალოგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამაში დიდი როლი ითამაშეს ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმა და ჩვენი საზოგადოებისგან მათ მადლობა ეკუთვნით“, – განაცხადა კიკნაველიძემ.
როგორც კიკნაველიძემ აღნიშნა, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და ამ პროცესში ხედავს იმის რესურსს და შანსს, რომ მაგიდის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები და მთელი ქართული საზოგადოება კონსენსუსამდე მივიდეს, რაც კრიზისიდან გამოგვიყვანს.
„ჩვენ უნდა მოვახერხოთ პოლიტიკური ველის გაშლა ისე, რომ იქ ყველამ იპოვოს თავისი ადგილი და დესტრუქციისკენ კი არ იყოს მიმართული, არამედ იძულებული იყოს, კონსენსუსზე იფიქროს. პროპორციული არჩევნები სწორედ ამას უზრუნველყოფს და ამის გარანტია იქნებოდა“, – განაცხადა კიკნაველიძემ.
მისი თქმით, პანაცეა არც ერთი საარჩევნო სისტემა არ არის.
„შეიძლება, ზოგს ასეთი სისტემა მოგვწონდეს, ზოგს ისეთი. გააჩნია ქვეყანას და არა მარტო ქვეყანას, არამედ პოლიტიკურ ვითარებას. კანონები კი არ განსაზღვრავენ იმას, ქვეყანა როგორი იქნება, არამედ ქვეყანა განსაზღვრავს, კანონები როგორი იქნება. ამ ყველაფერს პოლიტიკური დღის წესრიგი, კლიმატი და ატმოსფერო განსაზღვრავს. ამიტომ, დღეს ამ ატმოსფეროზე უნდა ვიფიქროთ. პროპორციულის ჩაგდებამდე უფრო უკეთესი ატმოსფერო იყო ქვეყანაში თუ ახლა? მე მიმაჩნია, რომ მანამდე უკეთესი იყო“, – განაცხადა კიკნაველიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გვაქვს თუ არა ახლა რეალობა, რომელიც ოპოზიციას დააზარალებს, თუ ისინი ერთმანეთის კონკურენტები გახდებიან, ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა, რომ ახლა გვაქვს რეალობა, რომელიც განსხვავებული ღირებულებების მქონე ოპოზიციურ პარტიებს აიძულებს, გაერთიანდნენ, რომ თამაშის წესები ისეთი საერთო იყოს, რომელზეც ყველა შეთანხმდება.
„ანუ, არსებობდეს წითელი ხაზები, რომლის გადალახვასაც ვერავინ გაბედავს მომავალში. ასეთი წითელი ხაზი არის ამ დონეზე დადებული პოლიტიკური პირობის დარღვევა. ასეთი რამ პოლიტიკაში იშვიათად ხდება. ასეთ მაღალ დონეზე დადებული პირობების დარღვევას ყოველთვის მძიმე შედეგები მოჰყვება და ეს მაშინაც გასაგები უნდა ყოფილიყო იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, – განაცხადა კიკნაველიძემ.