ხატია დეკანოიძე - ეს არის სანქციების პირველი ეტაპი, რომელიც შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს საქართველოს ხელისუფლებაში, პროკურორებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს
ხატია დეკანოიძე - ეს არის სანქციების პირველი ეტაპი, რომელიც შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს საქართველოს ხელისუფლებაში, პროკურორებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს

ეს არის სანქციების პირველი ეტაპი, რომელიც შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს საქართველოს ხელისუფლებაში, ასევე პროკურორებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ ვაცხადებ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“. 

„„ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი აპირებს, ამ შეშლილ ადამიანებს გადაყვეს. ერთადერთი მოკავშირე, რომელიც მათ ჰყავდათ, უნგრეთი და ვარჰეი იყო, რომელიც ევროკომისარი და ორბანის ხელისუფლების წარმომადგენელია. „ქართული ოცნების“ საერთო ჩატებში ვრცელდებოდა, რომ ევროკომისია „ქართულ ოცნების“ დასანქცირებაზე კონსენსუსს ვერ მიაღწევდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებდა. ახლა უნგრეთის წარმომადგენელს, ევროკომისარს კობახიძე ადანაშაულებს შანტაჟში, მკვლელობის მცდელობაში და წარმოუდგენელ გზავნილს ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილს არაფერი გეგმა არ აქვს და მხოლოდ საკუთარი ფინანსების, უსაფრთხოების გადარჩენაზე ფიქრობს. იგი ყველას მოისვრის, როგორც მოისროლა ბევრი თანაგუნდელი. საშიშია ეს ხალხი, შეშლილი ადამიანები ქვეყნის მმართველობაში. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით სამშაბათს ვეტოს დაძლევას აპირებენ.

ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. ეს სანქციები შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველა პროკურორს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ადამიანებზე ძალადობენ, ასევე სანქციები შეეხებათ მერებს, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ჩაიდინა მოღალატეობრივი აქტი, მაშინ როდესაც აშშ-მა გადაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა, ეს უდრის ეროვნული ინტერესების ღალატს, ეს არის ყველაზე მძიმედ შესაფასებელი საქართველოს მოქალაქეებისგან. ვიდრე ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა, სრულ იზოლაციაში ვიქნებით. კობახიძე, ივანიშვილი და ყველა ეს ადამიანი – ივანიშვილის კოჰორტა, მისი პროქსები იზოლაციისკენ მიდიან და უნდათ, საქართველო რუსულ ჭაობად გადააქციონ. ასევე, სანქციები შეეხებათ პროპაგანდისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროპაგანდას ავრცელებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.