ირაკლი ხმალაძე - ზონალური პარკინგის მიზანი არა ფულის მოკრება, არამედ ნაკადების შეზღუდვაა, ტარიფი ისეთი უნდა დავაწესოთ, რომ შედეგი გამოიღოს
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე ზონალური პარკინგის ტარიფებზე მსჯელობენ. თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ზონალური პარკინგის საპილოტე პროექტი კიდევ ერთხელ წარდგენა და აღნიშნა, რომ ზონალური პარკირების შემოღება სატრანსპორტო ნაკადებს დაარეგულირებს ისეთ ადგილებში, სადაც მანქანების ძალიან მაღალი მიზიდულობაა.
„ტარიფი ღიად გვაქვს დატოვებული. პრინციპული თანხვედრა გვაქვს იდეის დონეზე. ციფრში გამოხატული მოდელი არ გვაქვს. ტარიფი უნდა დავადგინოთ იმდენი, რომ მოგვცეს შედეგი. ტარიფი ინდივიდუალურია არამხოლოდ ქალაქებისთვის, ქუჩებისთვისაც კი. მიზანი არ არის, ფული მოვკრიბოთ. მიზანი არის, რომ ნაკადი შევზღუდოთ“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, საპილოტე პროექტის განხორციელებისთვის მერიამ ტურისტული არეალი შეარჩია – კოტე აფხაზის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია. პროექტი 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ დროისთვის მერია ავტობუსების პარკსაც შეავსებს. თბილისში 90 ახალი ავტობუსი შემოვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც ხელს შეუწყობს, რომ მოქალაქეები კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდნენ.
ახალი საათობრივი პარკირების შემოღებას აპროტესტებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მერია მოქალაქეებს დამატებით ხარკს ადებს
„სითი პარკი რაც გავიდა, თითი თითზე არ დაგიდიათ. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საპილოტე პროექტად შემოგაქვთ, აგერ ლესელიძის ქუჩა, აგეშენებინათ მრავალსართულიანი პარკინგი, მაგრამ არაფერი გაგიკეთებიათ. ამბობთ, რომ ტარიფს თქვენ არ ადგენთ და ექსპერტებს ეკითხებით აზრს. გინდათ, ამ ხალხზე გადატეხოთ ჯოხი, რომ მერე განაცხადოთ – თქვენ კი არ გითქვამთ ტარიფი და ხარკი, ექსპერტებმა დაადგინეს. ბრიყვული და მიამიტული მიდგომაა, რომ იმხელა ტარიფს დავადებთ, ადამიანები დატოვებენ მანქანებს და გადასხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე“, – განაცხადა კომისიის სხდომაზე ირაკლი ნადირაძემ.