ირაკლი ხმალაძე - სტრუქტურული რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულება ბიუროკრატიის შემცირებაა
სტრუქტურული რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულება ბიუროკრატიის შემცირებაა, – განაცხადა თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მერიის ხელმძღვანელობაში მოსვლისთანავე 19 კომისია და საბჭო გავაუქმეთ. მათ შორის – ზონალური საბჭო, რომლის შესახებაც ისმოდა კითხვები, თუ ვინ შეასრულებდა მის ფუნქციას. სინამდვილეში, საბჭო რეკომენდაციებს წერდა, გადაწყვეტილებებს კი თბილისის მთავრობა და შემდეგში, საკრებულო იღებდა. ჩვენი სტილი ასეთია – გადაწყვეტილებები პასუხისმგებლობის სრული შეგნებით მივიღოთ და არა მისი კოლეგიურ სტრუქტურებზე გადამისამართებით ან გადანაწილებით“, – განაცხადა ხმალაძემ.
როგორც თბილისის ვიცე მერმა აღნიშნა, არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისზე იქნება ორიენტირებული. კომპეტენტური სპეციალისტები კი თავმოყრილი იქნება თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებსა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში, რომელიც ხმალაძის თქმით, დაკომპლექტებული ჯერ კიდევ არ არის.
„მერიისა და გამგეობების თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მომსახურებას ახორციელებენ, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოიყრის თავს. ამ სააგენტოს მიზანი მაღალი სტანდარტის მუნიციპალური სერვისების დამკვიდრებაა. თითოეული პერსონალი, რომელიც უშუალოდ მოქალაქეს, ან იურიდიულ პირს ემსახურება, მომსახურებას არა რაიონული, არამედ მუნიციპალური მასშტაბით გასწევს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.