ირაკლი ხმალაძე - სტრუქტურული რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება დედაქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას ემსახურება
სტრუქტურული რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება დედაქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას ემსახურება და გადაწყვეტილებების მიღების ისეთი ციკლი უნდა ავაწყოთ, სადაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გაანალიზება მოხდება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ ახალი სტრუქტურა, რომლის შესაბამისადაც ურბანული განვითარების მიმართულება არქიტექტურის სამსახურიდან გამოვყავით და თბილისის მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ვქმნით. საწყისშივე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესშივე ჩართული იქნება გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის მიმართულება, რათა გარემოს დაცვის სამსახური და ტრანსპორტის სამსახური ფაქტის წინაშე არ დავაყენოთ, რომ თურმე, ხეა მოსაჭრელი და ამ დროს უკვე მშენებლობის ნებართვაა გაცემული, ან მშენებლობის ნებართვაა გაცემული და ტრანსპორტის გადაადგილებაა შეუძლებელი“, – განაცხადა ხმალაძემ.
„მოამბის“ ჟურნალისტის, ანა ბროლაძის შეკითხვაზე, დაამძიმებს თუ არა ბიუროკრატიულ სურათს პროცესში ახალი სამსახურების ჩართულობა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ პროცესების გახანგრძლივება არ მოხდება. პირიქით, კომისიებისა და საბჭოების ამოვარდნით პროცესი შემცირდა.
„არ არსებობს თბილისში მშენებელი, რომელსაც საკითხი საბჭოებსა და კომისიებში გაჭედილი არ ჰქონია. ამას ნებისმიერი მათგანი დაგიდასტურებთ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კომისიებისა და საბჭოების რგოლი საჭირო არ არის. რეკომენდაცია ურბანული განვითარების სამსახურმა ტრანსოპრტის სამსახურთან და გარემოს დაცვის სამსახურთან ერთად უნდა დაწეროს. გადაწყვეტილება კი თბილისის მთავრობამ უნდა მიიღოს და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინოს“, – განაცხადა თბილისის ვიცე მერმა.
მისი თქმით, საკითხის საკმარისად გასაფილტრად ეს საკმარისი ციკლია. თუმცა, ეს უკვე ის პროცესია, რომელსაც ვერცერთ ელემენტს ვეღარ გამოეცლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე არსებულ სურათს მივიღებთ.
„მაგალითად, გარემოს დაცვის ეკოლოგიის სამსახურში შედის განცხადება ხის მოჭრის ნებართვაზე და სამსახური მსჯელობს, მისცეს თუ არა პირს ჭრის უფლება მაშინ, როცა მშნებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. ეს ხომ ფაქტიურად, ფიქტიური მსჯელობა გამოდიოდა?! აქედან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილებების მიღება ძირშივე უნდა მოხდეს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არაფერი არ მოიჭრება და სახლი არ აშენდება. სახლიც აშენდება, საჭიროების შემთხვევაში მოიჭრება კიდეც, მაგრამ გადაწყვეტილებები რაციონალური უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.