ირაკლი ხმალაძე - „სითი პარკს“ განსაზღვრულ ზონებში უნდა დაეხაზა საპარკინგე ნიშნები, როცა წაიშლებოდა, განეახლებინა, მაგრამ ამას არ ასრულებდა
„სითი პარკს“ ისეთი რთულად შესასრულებელი ვალდებულება არ ჰქონდა, რომელსაც ასი დღის განმავლობაში ვერ შეასრულებდა, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„სითი პარკს“ ერთადერთი ვალდებულება ჰქონდა, რაც უნდა შეესრულებინა. მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ზონებში უნდა დაეხაზა და დაეყენებინა საპარკინგე ნიშნები, როცა დახაზული ნიშნები წაიშლებოდა, ის უნდა განეახლებინა, მაგრამ ამას არ ასრულებდა. მერიამ კომპანიას სამოცი დღის ვადა მისცა, რათა მას საპარკინკე ადგილები კანონმდებლობასთან, სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა და ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ყოველგვარი ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღო“, – განაცხადა ხმალაძ ემ.
მისი თქმით, მერიის თანამშრომლებმა „სითი პარკის“ დარღვევები კარგად აღწერეს და არც ნებით და არც უნებლიედ იქ შეცდომა არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა.
„751 პრობლემური ადგილი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა დაფიქსირებული, მართლაც პრობლემურია. რაც შეეხება ზებრების დახაზვის სტანდარტს, შესაძლოა, სადმე ეს პრობლემა დგას, მაგრამ ცოტა უხერხულია კომპანიის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ მუნიციპალიტეტი ზებრებს არ ხაზავს და ამიტომ დახაზვა ჩვენც არ უნდა მოგვთხოვოსო. კომპანიას ეს ვალდებულება ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი და უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ხმალაძე.
ამ განცხადებით თბილისის ვიცე-მერი „სითი პარკის“ იურისტს, ნანუკა ავალიანს გამოეხმაურა, რომელმაც გადაცემაში განაცხადა, რომ კონკრეტული მისამართები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იყო მოწყობილი და ხშირშემთხვევაში, მერიის წარმომადგენლების მიერ გადაღებულ ფოტოებში გამიზნულად, თუ უნებლიედ, „სითი პარკის“ მიერ დატანილი საგზაო ნიშნები არ ჩანდა.