ირაკლი ხმალაძე - პირველი იანვრიდან დასუფთავების მოსაკრებელი ბიზნესსექტორისთვის გახდება ზუსტად იმდენი, რამდენიც იხარჯება მათთვის მომსახურების სახით, საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი დარჩება
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დასუფთავების გადასახადი გაიზრდება ბიზნესსექტორის იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან და ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის.
როგორც ხმალაძე განმარტავს, უცვლელი დარჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი.
ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში დასუფთავებისთვის მნიშვნელოვან სუბსიდიას ახორციელებს, თუმცა ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბიზნესსექტორისთვის მოსაკრებელი გახდეს ზუსტად იმდენი, რამდენიც იხარჯება მათთვის მომსახურების სახით.
„ტარიფი გაიზრდება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ეწევიან მომგებიან საქმიანობას, ასევე იზრდება სახელმწიფო დაწესებულებებისთვის. უცვლელი დარჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი. დასუფთავებისთვის მნიშვნელოვან სუბსიდიას წლების განმავლობაში ახორციელებს მუნიციპალიტეტი, თუმცა ეს არ არის სწორი, რომ მუდმივად ვასუბსიდიროთ ბიზნესსექტორი. შესაბამისად, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ მათი მოსაკრებელი გახდეს ზუსტად იმდენი, რამდენიც იხარჯება მათთვის მომსახურების სახით. დღესდღეობით დანახარჯების დაახლოებით 70% ემსახურება ბიზნესსექტორის დასუფთავების მომსახურებას, დანარჩენი საყოფაცხოვრებოს, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმის ნახევარი არის დარიცხვა ბიზნესსექტორზე ვიდრე მათი მომსახურებისთვის იხარჯება“, – განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოდის ერთწლიანი, 1 000-ლარიანი ვაუჩერი ტურისტული ობიექტებისთვის.
„მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთი წლის განმავლობაში 1 000-ლარიანი ვაუჩერი დახარჯონ. ეს არის სუბსიდიის სახით, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ ობიექტებისთვის გამოყოფს. რაც შეეხება დარიცხვას, ეს ინდივიდუალურად იქნება დათვლილი ყველა ბიზნესსუბიექტთან მიმართებაში. მაგალითად, ზოგს ფართობის მიხედვით დაერიცხება, სასტუმროებს საწოლების რაოდენობის მიხედვით და ა.შ. საბოლოო ჯამში, მთლიანად დარიცხვა ამ სექტორზე გაიზრდება 17 მილიონი ლარით. ეს ის თანხაა, რომელსაც აქამდე მუნიციპალიტეტი ასუბსიდირებდა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.