ირაკლი ხმალაძე - მემანქანეების მხრიდან სურვილი თუ იქნება, მათ კიდევ ერთხელ შევხვდები
შრომის კოდექსში წერია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, სასამართლოს მხრიდან სამუშაო საათებში გაფიცვის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, როცა საქმე ისეთ შემთხვევებს ეხება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგთან და უსაფრთხოებასთან, მათ შორის, მიმოსვლის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„სასამართლოს გადაწყვეტილებაში საკმაოდ არგუმენტირებულადაა მითითებული, რომ მეტროს სისტემის გაჩერება დედაქალაქში მიმოსვლის უსაფრთხოების ხარისხის მნიშვნელოვან ვარდნას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა, სხვა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის უფლება მხოლოდ სამუშაო საათებში, სარჩელის განხილვამდე შეზღუდა“, – განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, მემანქანეების მიერ გაცხადებულ გაფიცვას მერია სადაოდ ხდის და სასამართლოში სარჩელის წარდგენას აპირებს.
„არა უვადოდ, არამედ სარჩელის განხილვის პროცესში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გაფიცვის უფლების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით. ეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე იქნება“, – განაცხადა ხმალაძემ.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე პროცესი ისე იქნება, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა და ამ გადაწყვეტილების შესრულება ყველას მოუწევს.
„ჩვენ იძულებული გახდით, შანტაჟის რეჟიმიდან სამართლებრივ პროცესებში გადავსულიყავით. რადგან პროფესიულმა კავშირმა გაფიცვის უფლების გამოყენება მაინც დააანონსა, მერიას სხვა გზა არ დარჩა, სასამართლოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა, რაც სასამართლომ დროებით, მაგრამ მაინც დააკმაყოფილა. ამით უზრუნველყოფილია ის, რომ დედაქალაქში მეტროს სისტემა მანამ არ გაჩერდება, სანამ იმ სარჩელის საფუძვლიანი განხილვა არ იქნება, რომელსაც მერია უახლოეს დღეებში წარადგენს”, -განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერმა იმედი გამოთქვა, რომ ადამიანები, ვისაც გაფიცვის უფლების გამოყენება აქვთ გამოცხადებული, კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან და მუნიციპალიტეტში არსებულ რეალობას თვალებში უფრო კარგად ჩახედავენ.
„რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი წლიური ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს არასდროს არ ყოფნის და რეალურად, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რის მიღებასაც ეს ადამიანები გვთხოვენ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა ის მემანქანეებთან შეხვედრას და მოლაპარაკების წარმოებას, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ თუ მათი მხრიდან სურვილი იქნება, ის მათ კიდევ ერთხელ შეხვდება.