ირაკლი ხმალაძე - ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, თანამდებობის პირებს ევალებათ, ამის შესახებ განაცხადონ და თვითაცილება მოითხოვონ
ირაკლი ხმალაძე - ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, თანამდებობის პირებს ევალებათ, ამის შესახებ განაცხადონ და თვითაცილება მოითხოვონ

როცა ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი დგება, თანამდებობის პირებსა და მოხელეებს ევალებათ, ამის შესახებ განაცხადონ და თვითაცილება მოითხოვონ, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„კეთილმოწყობის სამსახურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან, რომელთა შესახებაც დედაქალაქის მერმა ისაუბრა, რომ მათ ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღეს, ეს არ განხორციელებულა. მეორეც, მათ დაასრულეს წარმოება და კონკრეტული მოქმედებები განახორციელეს“, – განაცხადა ხმალაძემ.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა განმარტა, საჯარო მოხელეებმა თავი უნდა აარიდონ ისეთ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას, სადაც მათი პირადი ინტერესი იკვეთება.

მისი თქმით, მერიაში ასეთი ტიპის ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია, მსგავს ფაქტებზე მოკვლევა შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა და ეს ადამიანები თანამდებობას დატოვებენ. 

„ამ შემთხვევაში მათ ვინაობასა და პოზიციებს არ დავასახელებ. ნებისმიერ დროს, როცა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტები დაფიქსირდება, რეაგირებას არ დავაყოვნებთ და ასეთი თანამშრომლები თანამდებობებს აუცილებლად დატოვებენ“, – განაცხადა ხმალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, როცა მეტრო „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი, უნდა ველოდოთ თუ არა თბილისის მერიაში ხმაურიან დაკავებებს, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული პირების დაკავებაზე წინასწარ საუბარი გაუჭირდება.

„სამსახურებრივი გადაცდომა ყველა შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინური გადაცდომა, შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლების ძალიან მკაფიო საფუძველი იყოს, ყველა შემთხვევაში არ იგულისხმება, რომ აქ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. რამდენად შეიცავს კონკრეტული ქმედება სისხლის სამართლებრივ ნიშნებს და არის თუ არა საჭირო ვინმეს დაკავება, ამაზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, ვინაიდან საქმეს მე არ ვაწარმოებ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.