ირაკლი ხმალაძე - ფილარმონიასთან კერძო კომერციული ავტოსადგომი აშენდება
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე 180-ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე საბიუჯეტო სახსრები არ დაიხარჯება, კერძო ინვესტიციის ჯამური ოდენობა კი სამი მილიონი ლარი იქნება.
„ეს იქნება კერძო კომერციული ავტოსადგომი. ფასების განსაზღვრა და ლიმიტირება არ ხდება არცერთი კომერციული პარკინგისთვის, ასეთი მეთოდები რომ გამოვიყენოთ, არათანაბარ პირობებში ჩავაყენებთ პარკირების ოპერატორებს, ამიტომ ჩვენ ფასების რეგულირებას არ მოვახდენთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე კომპანიამ უნდა ჩაატაროს კვლევა და შემდეგ განახორციელოს მშენებლობა, რომელიც დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება.
თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.