ირაკლი ხმალაძე - ჩვენ მიერ პასუხგაუცემელი არც ერთი გადაცდომა არ დარჩება
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მერიის გათავისუფლებული თანამშრომლების ვინაობას არ ასახელებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საუბარია კეთილმოწყობის სამსახურის ერთ და არქიტექტურის სამსახურის ერთ თანამშრომელზე, რომლებიც მოქმედებდნენ მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ წარმოებაში მიკერძოებულად და სუბიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მათ მიერ წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით.
„მინდა ვთქვა, რომ ტყუილად არ ვაფრთხილებთ ჩვენს თანამშრომლებს. გადაცდომას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არც ერთი გადაცდომა ჩვენ მიერ პასუხგაუცემელი არ დარჩება. ამ შემთხვევაში, დეტალებს არ დავაკონკრეტებ. საუბარია კეთილმოწყობის სამსახურის ერთ და არქიტექტურის სამსახურის ერთ თანამშრომელზე, რომლებიც მოქმედებდნენ მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ წარმოებაში მიკერძოებულად და იღებდნენ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს მათ მიერ წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით. მეტ დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ. ამ ფაქტებს არანაირად არ უკავშირდება კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, გივი კუბლაშვილის სამსახურიდან წასვლა. სამსახურის უფროსის თანამდებობა ჯერჯერობით ვაკანტურია და მიმდინარეობს ამ საკითხზე კონსულტაცია“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიღებული მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, შიდა აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა.