ირაკლი გედენიძე - ყველა მაღალჩინოსანმა იცოდა, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე „შეკერილი“ იყო
ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ მათთვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძლო იყო და ე.წ. ფოტოგრაფების საქმე „შეკერილი“ იყო, ყველა მათალჩინოსანმა იცოდა.
ექსპრეზიდენტის ყოფილი ფოტოგრაფი დღეს სააპელაციო სასამართლოში დაიკითხა.
სწორედ ამ პროცესზე იხილება ის ბრალდება, რომელიც ოთხ ფოტორეპორტიორს 2011 წელს ჰქონდათ წარდგენილი, თუმცა 2016 წელს, საქმის გადახედვისას გამოძიებამ დაასკვნა, რომ ჯაშუშობის ბრალდება უსაფუძლო იყო და ჩვენებები ფოტორეპორტიორებს ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.
„ჩვენ რეალურად დავისაჯეთ 26 მაისის აქციის დაშლის ფოტოების გადაღების გამო და შემდეგ ამ ფოტოების გავრცელების გამო. კონკრეტული პირები, რომლებიც მაიძულებდნენ ჩვენების მიცემას, ეს იყო დევნოზაშვილი და ისინი, რომლებიც პირად საუბრებში ახსენებდნენ 26 მაისს. ბოლო პერიოდის მოვლენებმა, იგივე ტობავარჩხილზე, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამ და პირადმა საუბარმა ეს ეჭვი გამიმძაფრა, ასევე უკრაინის მოვლენებისას, როდესაც კონტაქტი მქონდა სააკაშვილთან. მან რა თქმა უნდა, იცოდა, რომ მის გარეშე ეს არ მოხდებოდა. თავიდან ამბობდა, რომ არაფერი იცოდა, თუმცა საქმის კურსში იყვნენ. „შეკერილი“ საქმე რომ იყო, იცოდა. ტობავარჩხილზე მკითხა, რომელმა მაღალჩინოსანმა შეკერა ეს საქმე, ვინ გააჩალიჩაო. როდესაც პრეზიდენტი ამ კითხვას სვავს, კარგად იცის, რომ ეს საქმე „შეკერილია“. მე როდესაც გავთავისუფლდი საპატიმროდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მქონდა სატელეფონო კავშირი ადმინისტრაციის უფროსთან ირმა ნადირაშვილთან და ვთხოვდი, ჩემი პირადი ნივთები, აპარატურა წამომეღო. რომ შეწუხდა ჩემი ზარებით, ერთხელ ტელეფონის გათიშვა უნდოდა, მაგრამ თქვა ასეთი ფრაზა – აბა, რას დაეთრეოდი მიტინგებზეო და ამის შემდეგ გათიშა. იმდენად გამწარდა, ემოცია ვეღარ შეიკავა. ყველა მაღალჩინოსანმა იცოდა, რომ ჩვენი საქმე „შეკერილი“ იყო“, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 19 აპრილს განახლდება.
მომდევნო პროცესზე ფოტორეპორტიორები ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე დაიკითხებიან.