ირაკლი კობახიძე - ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების მწუხარებას ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო, რაც მოხდა თავის დროზე უკანონო დაპატიმრების სახით, იყო ნიღბის ჩამოხსნა მაშინდელი რეჟიმის მიერ
ირაკლი კობახიძე - ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების მწუხარებას ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო, რაც მოხდა თავის დროზე უკანონო დაპატიმრების სახით, იყო ნიღბის ჩამოხსნა მაშინდელი რეჟიმის მიერ

ძალიან სამწუხაროა, ვიზიარებ ზურაბ ქურციკიძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, რაც მოხდა თავის დროზე უკანონო დაპატიმრების სახით, რეალურად, იყო ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა მაშინდელი რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთხი ფოტოგრაფის დაკავება ფოტოების გადაღების გამო გაუგონარი მოვლენა იყო და შეშფოთება თავის დროზე არავის გამოუთქვამს. კობახიძის თქმით, ფოტორეპორტიორების მიერ ფოტოების გადაღება და გამოქვეყნება გმირობის ტოლფასი იყო.

„მხოლოდ ფოტოების გამო ოთხი ფოტოგრაფი უკანონოდ დააპატიმრეს, ეს იყო, უბრალოდ, გაუგონარი მოვლენა და აჩვენებდა მაშინდელი რეჟიმის სახეს. არ მახსენდება შეშფოთებული განცხადებები ამ ფაქტთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ასე უხეშად ირღვეოდა ადამიანთა უფლებები. ფოტოგრაფებს მხოლოდ ფოტოების გადაღების გამო იჭერდნენ, პირდაპირ ასე თავხედურად იქცეოდნენ, ამ ფონზეც კი, ჩვენ არ გვახსოვს შეშფოთებები სხვადასხვა მიმართულებიდან. ეს იყო ძალიან მძიმე დრო. ყველას გვახსოვს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის კუთხით რა ვითარება იყო და მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც, რეალურად, გმირობა ჩაიდინა ამ ფოტოების გადაღებითა და შემდეგ გამოქვეყნებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროა ამ ადამიანის გარდაცვალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.