ირაკლი დოლაბერიძე - ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც სამინისტროს შეუძლია
ირაკლი დოლაბერიძე - ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც სამინისტროს შეუძლია

შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც სამინისტროს შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია შუამავლის როლის შესრულება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ქართულ ტაეკვონდოში არსებულ ვითარებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომრიგებლის ფუნქცია აქვს. ჩვენ შევთანხმდით იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლის გადაწყვეტაც სამინისტროს შეუძლია და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია შუამავლის როლის შესრულება“, – აღნიშნა ირაკლი დოლაბერიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ თემებს შორისაა სუბიექტების ფედერაციაში გაწევრიანების საკითხი, სხვადასხვა კომიტეტის, მათ შორის მწვრთნელთა და სამსაჯო კომიტეტების ერთობლივად დაკომპლექტება, ასევე წესდებაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა.

„ამ საკითხების ირგვლივ ჩვენი პოზიცია ემთხვევა ერთი მხარის პოზიციას და ჩვენი ინფორმაციით, ფედერაციის ხელმძღვანელობაც მზად არის თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნას – სამინისტროს კომპეტენციას სცდება გადაწყვეტილების მიღება ფედერაციების პრეზიდენტების დანიშვნისა და მოხსნის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ ვერ განვიხილავთ ამ საკითხს“, – განაცხადა ირაკლი დოლაბერიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და მწვრთნელებს შეხვდა, რომლებიც ფედერაციაში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო არიან.