ირაკლი ჩიქავა - ცოდნის ნაკლებობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართველ ფერმერებში მარცვლოვანი კულტურის წარმოების მოტივაცია ძალიან მცირეა
ცოდნის ნაკლებობა არის მთავრი მიზეზი, რის გამოც ქართველ ფერმერებში მარცვლოვანი კულტურის წარმოების მოტივაცია ძალიან მცირეა. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ერთწლიანი კულტურების განვითარებაზე გამოყოფილი 50 მილიონი ლარი ქვეყანას დამატებით 7-10 ათას ჰექტრამდე დამუშავებულ ფართობს მისცემს. თუმცა ეს იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ მისი ათვისება სწორედ მოხდება. ამიტომ ბენეფიციარისთვის ცოდნის მიღება სავალდებულო უნდა გახდეს, რათა ამ თანხების ათვისება სწორად და ეფექტურად მოხდეს, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია „აგროსოლუშენის“ კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ჩიქავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში პანდემიის უარყოფითი შედეგების დაძლევის მიზნით შემუშავებული მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც სოფლის მეურნეობას პრიორიტეტად აცხადებს და ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვან საგრანტო-საფინანსო მექანიზმებს სთავაზობს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აგრარული სექტორის ორ კომპონენტზე გაამახვილებს, როგორიცაა ერთწლიანი კულტურებისა და მეხორცეული მეცხოველეობის განვითარება. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ მართალია ბოლო შვიდი წლის მანძილზე იმპორტ-ექსპორტს შორის არსებული უარყოფითი სალდო თითქმის განახევრდა, მაგრამ როგორც პანდემიის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, აგრარული პროდუქციის კუთხით ქვეყანას მეტის წარმოება შეეძლო.
ირაკლი ჩიქავას მოსაზრებით, სოფლის მეურნეობის განვითარებაში მთავარ პრობლემას მწარმოებლურობა და ცოდნის ნაკლებობა წარმოადგენს. ამიტომ სასურველია, რომ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული 50 მილიონი ლარის მოცულობის ფინანსური დახმარების ბენეფიციარებისთვის ცოდნის მიღება სავალდებულო მოთხოვნად იქცეს.
„ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. თუმცა ბოლო წლებმა აჩვენა, რომ პირიქით ამ მიმართულებით ქვეყანა ძალიან ბევრი შესაძლებლობით არის წარმოდგენილი. მთავარ პრობლემად დღემდე რჩება მწარმოებლურობა. ქართველი ფერმერი დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ჰოლანდიელი ან სხვა წარმატებული ქვეყნის ფერმერი და ეს ბევრ პრობლემას იწვევს, პირველ რიგში წარმოების მიმართულებით. მაგრამ გარდა ამისა, პრობლემა არის სხვა რამეშიც. წარმოიდგინეთ ქართველი ფერმერი, რომელსაც მარცვლეული კულტურა მოჰყავს, მაგრამ ერთ ჰექტარზე იმავე მოსავალს და შესაბამისად ისეთ შემოსავალს ვერ იღებს, რასაც სხვა უფრო წარმატებული ქვეყნის ფერმერი. მიზეზი არის ცოდნის ნაკლებობა. ზუსტად ეს არის მთავრი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ფერმერებში მარცვლოვანი კულტურის წარმოების მოტივაცია ძალიან მცირეა. ეს ანტიკრიზისული გეგმაც რეალურად არის ერთწლოვანი კულტურების წარმოების სტიმულირებისთვის. გეგმა პასუხობს იმ გამოწვევას, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ქვეყანას დაუდგეს. ეს არის მარცვლოვანი და სხვა ერთწლოვანი კულტურები. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა 50 მილიონი ლარი ერთწლიან კულტურებზე, ქვეყანას მისცემს დამატებით დამუშავებულ 7-დან 10 ათას ჰექტრამდე ფართობს, რაც ბუნებრივია იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ამის ათვისება სწორედ მოხდება. ამიტომ ჩემი კომენტარი ამ საკმაოდ დროულ ანტიკრიზისულ გეგმაზე ის არის, რომ ბენეფიციარისთვის სავალდებულო გახდეს ცოდნის მიღება, რათა ამ თანხების ათვისება სწორად და ეფექტურად მოხდეს“, – განუცხადა ირაკლი ჩიქავამ „ბიზნესპარტნიორს“.