საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ქართულ-გერმანულ თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.
„სტუმარმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. საუბრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო გერმანიის აქტიურ ჩართულობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის არაერთი ინიციატივის იმპლემენტაციაში. ირაკლი ბერაიამ ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და გერმანიის ბუნდესტაგის შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების, აგრეთვე ფედერაციული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ ქართულ-გერმანულ ფორუმში ჩართულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ირაკლი ბერაიამ გერმანელ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და გერმანიის სამხედრო ატაშე ლარს უკერვიცი ესწრებოდნენ.