აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ირაკლი ბარამიძე აცხადებს, რომ ნათია კაპანაძის გამო კოლექტივში დაძაბულობა და შიში იყო
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსი ირაკლი ბარამიძე აცხადებს, რომ ნათია კაპანაძის გამო კოლექტივში შიში და დაძაბულობა იყო.
„მე უკანონოდ გამათავისუფლა, ორი სასამართლო ინსტანცია მოვიგე და სააპელაციომ დამაბრუნა სამსახურში, მაგრამ მესამე ინსტანციაში გამისაჩივრა. დაძაბულობა და შიში იყო კოლექტივში. ეს იყო დიქტატორი, ადამიანებს უნდოდათ საქმის კეთება და არ ჰქონდათ ამის საშუალება. 103 თანამშრომელი აწერს ხელს განცხადებას, რომელიც გუშინ გავავრცელეთ, მაგრამ უკმაყოფილო გაცილებით მეტია“, – განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა. ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.
ამასთან, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილმა გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებას 103 თანამშრომელი აწერს ხელს. „დირექტორი იღებს არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ტელევიზიასა და რადიოს პირდაპირ აზარალებს, ასევე თანამშრომლებს უკარგავს მუშაობის მოტივაციას“, – აღნიშნულია თანამშრომლების განცხადებაში.