ლაშა ტუღუში – ნათია კაპანაძის გადაყენების გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობოდა გარკვეულ ინფორმაციებს, არ შეესაბამება შედეგს, რომელიც დადგა
აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან ნათია კაპანაძის გადაყენების გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობოდა გარკვეულ ინფორმაციებს, არ შეესაბამება შედეგს, რომელიც დადგა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.
როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენება არის პოლიტიკური პროცესი.
„ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური პროცესი და გამოიყენეს ყველაფერი, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ადამიანები არ არიან იდეალურები, შეიძლება შეცდომები არის დაშვებული, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობოდა გარკვეულ ინფორმაციებს, აბსოლუტურად არ შეესაბამება შედეგს, რომელიც დადგა. ამიტომაც ვამბობ, რომ დაწყებული იქიდან, ვინ დაიწყო ეს პროცესი და დამთავრებული იმით, რა პოლიტიკური ვითარებაა, ნათლად გვეუბნება ერთ რამეს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. მინდა ვთქვა, რომ ბატონები „ოცნებიდან“ აუცილებლად გადაიხდიან ფასს. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი გადავიხდით ფასს, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები პირდაპირ ურტყამს ჩვენს რეპუტაციას, ქვეყნის, რომელსაც უნდა ააშენოს დემოკრატია. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, იმ პრეტენზიას აქვს შესაბამისი ნაბიჯები, შესაბამისი განვითარება და არა ისეთი, როგორიც ვნახეთ ჩვენ დღეს. ეს არ არის სერიოზული რამე, ასე ხელების გადაგრეხვით ჩვენ ნამდვილად ვერ მივიღებთ შედეგს, რაც ჩვენ ყველას ერთად გვინდა“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.