აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი დირექტორს უპირისპირდება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი დირექტორს, ნათია კაპანაძეს უპირისპირდება.

დღეს მათ სპეციალური განცხადება გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, განცხადებას 103 თანამშრომელი აწერს ხელს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„16 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსაც მივმართეთ წერილით და გვსურს, ჩვენი პოზიცია ახლა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი სრულად ემიჯნება ტელევიზიის სახელით გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ 11 აპრილს გაცხადებული, მაუწყებლის დირექტორის უნდობლობის საკითხი პოლიტიკური პროცესია და თურმე ის საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო დამოუკიდებლობას, ან ეს არის დემოკრატიულ მედიაზე შეტევა.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით საკითხის ამგვარ ფორმულირებას, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, სინამდვილეში რა პროცესები მიმდინარეობს მაუწყებელში ბოლო პერიოდში. ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს, დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებებს თანამშრომლების მიმართ. დიდი ხანია, დაიწყო და მომწიფდა უკმაყოფილება და პრეტენზიები შრომის ანაზღაურების სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით. დირექტორი იღებს არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ტელევიზიასა და რადიოს პირდაპირ აზარალებს, ასევე თანამშრომლებს უკარგავს მუშაობის მოტივაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს – სიტყვის თავისუფლებას! და ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაციიდან, სადაც დირექტორი უზღუდავს თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოსთან ლაპარაკსაც კი! ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხდომებიდან ამოღებული ვიდეო მასალა გავრცელებულია სოციალურ პლატფორმებზე, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ რჩება! ანუ ფუნდამენტური უფლება – სიტყვის თავისუფლება დარღვეულია საზოგადოებრივ მაუწყებელში!

ცალკეული პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პიროვნებების განწყობა კი, თითქოს აჭარის მაუწყებელს ყველაზე დემოკრატი დირექტორი ჰყავს, სინამდვილეში მხოლოდ იაფფასიანი პოპულიზმის გამოძახილია. რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას. აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნიდან დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა იმ რეალობამდე, რაც დღეს გვაქვს და სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და ობიექტური გაშუქებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში მანამდეც არაერთხელ მოხვდა და ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგით. ჩვენ ნებისმიერი მენეჯმენტის პირობებში დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და კანონით მონიჭებულ უფლებას გვქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა. ვიმედოვნებთ, რომ მრჩეველთა საბჭო აღნიშული გარემოებებს გაითვალისწინებს და გააკეთებს თავისუფალ არჩევანს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს.

ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) ბორდს შესაბამისი წერილით მიმართეს. პრეტენზია ტელევიზიის რეიტინგი, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა.

ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი მოქმედი წევრია და დირექტორის გადაყენებას სამი ხმა სჭირდება.