გიორგი ჭირაქაძის შემდეგ, საქართველოს ბიზნესასოციაციას ირაკლი ასლანიშვილიც ტოვებს. ასლანიშვილი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა.
„ვფიქრობ, საქართველოს ბიზნესასოციაციაში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი უკვე გავაკეთე და ახლა დროა, ახალ, განსხვავებულ სფეროში გავაგრძელო საქმიანობა და მინდა, გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 20 მაისიდან ვტოვებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. მე ყოველთვის ვიქნები საქართველოს ბიზნესასოციაციის გულშემატკივარი და ჩემს წვლილს შევიტან მის შემდგომ წარმატებებში“, – წერს ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ირაკლი ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ „ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი გუნდი ყოველთვის იყო პირველი მათ შორის, ვისი ხელშეწყობითაც მოხერხდა არაერთი წარმატებული რეფორმის განხორციელება და ყოველთვის იყო პირველი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ბიზნესგარემოს დამაზიანებელ ამა თუ იმ ინიციატივას“.
საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის პოსტი 9 აპრილს დატოვა გიორგი ჭირაქაძემ. მის ნაცვლად მოვალეობას სოსო ფხაკაძე ასრულებს.