ირაკლი აბუსერიძე - გული გვტკივა იმის გამო, რაც ქართულ რაგბიში ხდება
ირაკლი აბუსერიძე - გული გვტკივა იმის გამო, რაც ქართულ რაგბიში ხდება

დღეს, გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ ქართული რაგბის გამოწვევებსა და პრობლემბზე ისაუბრა.

ირაკლი აბუსერიძემ გაიხსენა 2015 წლის არჩევნები, როდესაც საკუთარი კანდიდატურა მოხსნა: „გადავწყვიტე, რომ მომეხსნა კანდიდატურა, რადგან დაძაბულობამ პიკს მიაღწია და არ მინდოდა, რომ რაგბის სამყაროში ბზარი გაჩენილიყო, მაგრამ მივიჩნევ, რომ მაშინ შეცდომა დავუშვი. დღეს, რაგბი რეგრესის გზაზეა და დიდი ბზარია გაჩენილი. ამას გაერთიანება უნდა, ერთობა სჭირდება. ერთობით თუ მივაღწევთ წარმატებას. თუ არ გავერთიანდით და ერთმანეთს გვერდით არ დავუდეგით, რაგბი წინ ვერ წავა და ვერ მივაღწევთ იმ აღმავლობას და წარმატებას, რასაც რაგბის გამარჯვება ჰქვია. აღარ ვაპირებ კანდიდატურის მოხსნას, ვიბრძოლებ ბოლომდე. წლების განმავლობაში ვიყავი საქართველოს ნაკრების მოთამაშე და ჯანმრთელობა გვაქვს შეწირული ჩვენს მეგობრებთან ერთად, ამიტომ გული გვტკივა იმის გამო, რაც ქართულ რაგბში ხდება.“

ირაკლი აბუსერიძე საარჩევნო პროგრამასაც შეეხო და ბავშვთა რაგბის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ მყარი ვერტიკალი უნდა გვქონდეს – სასკოლო, ბავშვთა და მივიდეთ ეროვნულ ნაკრებამდე. ბმა უნდა იყოს მყარი. დღეს, ვრცერთ კომპონენტში წინ ვერ წავედით. ჩავარდნა ყოველთვის არის, მაგრამ როცა ოთხი წლის განმავლობაში წინ ვერ წახვედი, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მადლობა მინდა, ფონდ „ქართუს “ გადავუხადო, იმიტომ რომ 230 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა შეგვიქმნა მთელი საქართველოს მასშტაბით. მაშინ, როცა რაგბის კავშირს აქვს საკუთარი მიწა და ამას ყიდის, ბავშვების მიწას, რომელზეც მოედნები უნდა მოეწყოს. რაც უფრო მეტ ინფრასტრუქტურას შექმნი მით უფრო მეტი კომფორტი ექნებათ ჩვენს ბავშვებსა და მწვრთნელებს. ამ დროს კი კომერციული თვალსაზრისით ასხვისებ, ეს უკვე წყალგამყოფია. შეიძლება გაასხვისო, მაგრამ ბენეფიტი ხო უნდა იყოს?

ჩვენ ძირეული ცვლილებები გვჭირდება, როცა საძირკველი არ გვივარგა დროთა განმავლობაში დავზიანდებით. ყველაფერი უნდა დავიწყოთ სასკოლო რაგბიდან. საქართველოში გვაქვს 2500-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლა, ათვისებული კი გვაქვს მხოლოდ 60 სკოლა. უნდა შევაყვაროთ, რაც შეიძლება მეტი ბავშვი მოვიზიდოთ, მწვრთნელები გადავამზადოთ. დღეს კი ვხედავთ, რომ მწვრთნელების გადამზადება ფასიანი გახდა და ეს ჩემთვის მიუღებელია. აქ უნდა იყოს ორმაგი პასუხისმგებლობა, როგორც კლუბისგან, ასავე ფედერაციისგან.”

რაგბის კავშირის პრზიდნტობის კანდიდატმა კლუბებს შორის ხმების გადანაწილების პრინციპზეც ისაუბრა: „რაც საქართველოში რაგბი ჩამოყალიბდა, არიან კლუბები, რომლებიც მოდიან დღემდე – 20, 30, 40 წელი. შეიქმნა ორი-სამი წლის განმავლობაში კლუბები და აქვთ იგივე რაოდნობის ხმები, ეს რა თქმა უნდა, არასამართლიანია. ჩვენ კლუბებს იმისთვის ვაყალიბებთ, რომ რაგბი განვითარდეს და არა იმისთვის, რომ სკამები შევინარჩუნოთ.“

ირაკლი აბუსერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რაგბის კავშირში მენეჯმენტი პრობლემაა: „რაგბს უნდა გრძნობდე, უნდა გქონდეს გამოცდილი. უნდა ვიყოთ რაგბისტები. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა განვვითარდეთ, ვიცით ყველა დეტალი. როცა ბავშვთა მიწას, 98 წლიდან მოპოვებულ მიწას რომ გაყიდი, ეს ჩემთვის მიუღებელია.“

ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ჩემპიონატის დღევანდელ მდგომარეობასა და განვითარების გეგმებსაც შეეხო: „საკლუბო რაგბი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნაკრების შევსება უნდა მოხდეს საკლუბო დონეზე, ლეგიონერებისგან და ასევე 20-წლამდე ნაკრებისგან. ბევრი პრობლემაა, ვინც სანაკრებო ვერტიკალზე მუშაობს და აბარია – ეს პროგრამა უნდა იყოს ჩაშლილი, კლუბების დონეზე. გასაზრდელია ფინანსები და უნდა იყოს გადანაწილებული. ფიზმომზადების მწვრთნელი, მწვრთნელების გადამზადება, კვალიფიკაცია, უცხოეთში გამგზავრება, ცოდნის მიღება. ფიზმომზადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამცირებს ტრავმების რაოდენობას, წევს თამაშის ხარისხს.  სამედიცინო მიმართულება, ვიდეო ანალიზი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშის შემდეგ შენს მინუსს, შენს დადებით მხარეს, უარყოფით მხარეს ათვითცნობიერებ და სამომავლოდ ამას აუმჯობესებ. დიდი პრობლემაა ისიც, რომ გადინება ხდება იმ ბიჭების, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ვერ ხვდებიან. გადინება ხდება არაგანვითარებად ქვეყნებში. ჩვენ უნდა შევუქმნათ პირობები, მათ შორის ფინანსურიც, რომ ეს ბიჭები დავაბრუნოთ.

ფრანჩიზა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მე მინდა დავსვა ერთი შეკითხვა, ჩვენ მონაწილეობა მონაწილეობისთვის გვინდა, თუ განვითარებისთვის? არგენტინაში ჩვენი ბიჭების თამაშიც რომ გავიხსენოთ. უნდა მომზადება, ფიზმომზადება და ა.შ. საჭიროა ფინანსური და ადამიანური რესურსი. სასკოლო, სტუდენტური, შვიდკაცა რაგბი, საკლუბო რაგბი, 20-წლამდელთა ნაკრები – ეს ერთმანეთზე მიბმული უნდა იყოს და შევსება მოხდეს. ავიღოთ შვიდკაცა რაგბი, რომელიც მოსამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო, გინდა ფიზიკურად, გინდა მოედნის ხედვით, სხარტი აზროვნებისთვის, ყველაფრისთვის საუკეთესოა. 2008 წლის შემდეგ, მსოფლიოს სერიები კი არა, ევროპაც კი ვერ მოვიგეთ. მსოფლიომ 2001 წლიდან სწორედ შვიდკაცა რაგბით გაგვიცნო. ასეთი დაფინანსება ქართულ რაგბს არასდროს არ ჰქონია, წინ კი ვერ წავედით. ყველამ უნდა გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა, ყველა ადამიანს უნდა მოვუსმინოთ, ინიციატივა გავიზიაროთ, შევხდეთ გულშემატკივრებს. ყველა ინიციატივა, რომელიც რაგბის განვითარებისთვის და წინსვლისთვის  საუკეთესოა, ის უნდა გავიზიაროთ.“

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარ გუნდსა და ადამიანურ რესურსებზეც ისაუბრა: „მთავარია გამთლიანება და ერთობა, დასაკარგი ჩვენ არავინ არ გვყავს. რაგბის კავშირში ბევრი პროფესიონალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ კადრები საკმარისი მაინც არ არის. ჩვენი ლეგიონერები, რომლებიც წლების განმავლობაში წამყვან სარაგბო ქვყნებში მოღვაწეობენ და როცა კარიერას ასრულებენ აქეთ უნდა წამოვიყვანოთ, მათი ცოდნა გამოვიყენოთ, ბავშვებს გადავცეთ. ერთმა კაცმა სამი კაცის საქმე არ უნდა აკეთოს. კადრები გვყავს მოსაძიებელი, ის ბიჭები, რომლებიც ევროპაში არიან უნდა დავაბრუნოთ, როცა სანაკრებო კარიერას დაასრულებენ, ვისაც სურვილი ექნება, რა თქმა უნდა. ერთობლივად, როგორც იყო, როგორც ქართული რაგბის ოჯახი იყო, გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“.

ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესსაც შეეხო: „უნდა გავიაროთ და მწვრთნელი კრიტერიუმებით შევარჩიოთ. იმიტომ რომ „სივი“ ბევრს ჰქონია კარგი, მაგრამ ჩამოსულა და ექვს თვეში გაგვიშვია. შეიძლება კანდიდატები შესაძლებლობით, განვლილი კარიერით კარგები არიან, მაგრამ სადაც მიდიოდნენ ადამიანური რესურსი ხვდებოდათ და შერჩევა არ უჭირდათ. მთელმა სარაგბო სამყარომ ერთად უნდა შევარჩიოთ და არა ვიწრო ჯგუფმა. რაც შეეხება ფინანსურ რესურს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ რეგიონებზე, ინფრასტრუქტურის კუთხით, სამუშაო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სპონსორებთან. თანხები რაც შემოვა, უნდა იყოს გაწერილი და მიზანმიმართული. გულშემატკივრები არ უნდა გვახსოვდეს, მარტო თამაშის წინ, გულშემატკივრებთან აქტიური ურთიერთობაა საჭირო. მინიმუმ თვეში ერთხელ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, წარმატების, წარუმატებლობის შემთხვევაში, უნდა მოვუსმინოთ, ვითანამშრომლოთ და მათი ინიციატივები უნდა გავიზიაროთ“.