რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ინგლისთან დამარცხდა #1TVSPORT
რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ინგლისთან დამარცხდა #1TVSPORT

იტალიაში დასრულდა რაგბის ექვსი ერის ფესტივალი. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბოლო მატჩში ინგლისთან 19:26 დამარცხდა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ პირველ ტაიმში სამი ჯარიმის გატანა მოახერხეს (სამივეჯერ თავი გიგი სირბილაძემ გამოიჩინა), რასაც მეტოქემ ერთი ლელოთი უპასუხა და პირველი ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა 9:5 მოიგეს.

დაძაბული გამოდგა მატჩის მეორე ტაიმი, რომლის დასაწყისში ინგლისელებმა ლელოს გატანა მოახერხეს (ზუსტადაც გარდასახეს) და 12:9 დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე ქართველები დავით არჩვაძის მიერ დადებული ლელოთი კვლავ წინ გავიდნენ – 14:12.

ინგლისის ნაკრებმა შეტევები გააძლიერა, მესამედაც მოახერხა ლელოს დადება (გარდასახვაც ზუსტად დაარტყეს) და ანგარიში 19:14 გახდა.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ თამაშის გადარჩენას შეეცადნენ, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე დავით არჩვაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, სამწუხაროდ, გარდასახვა არაზუსტი გამოდგა – 19:19.

ე.წ. „გაწითლებულ დროში“ ინგლისის ნაკრებმა სწრაფი შეტევა განახორციელა, მეოთხე ლელო დადო და საბოლოოდ შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 26:19.

შეგახსენებთ, რომ ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველად იასპარეზა და სამი მატჩი ჩაატარა – მოუგო საფრანგეთს (20:19), ხოლო შოტლანდიასთან (14:22) და ინგლისთან (19:26) დამარცხდა.