რაგბი | იოსებ ტყემალაძე - რიჩარდ კოკერილთან ბოლო დეტალები დაგვრჩა მოსალაპარაკებელი და იმედია, შეთანხმებას მივაღწევთ #1TVSPORT
რაგბი | იოსებ ტყემალაძე - რიჩარდ კოკერილთან ბოლო დეტალები დაგვრჩა მოსალაპარაკებელი და იმედია, შეთანხმებას მივაღწევთ #1TVSPORT

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ Youtube-ის არხზე „რაგბი ჯენტლმენების თამაში“, საბა აბულაშვილთან სტუმრობისას საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისელ სპეციალისტთან, რიჩარდ კოკერილთან ბოლო დეტალები დარჩა შესათანხმებელი, იგი მალე თბილისში ჩამოვა და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს.

იოსებ ტყემალაძე – „მას შემდეგ, რაც ლევან მაისაშვილმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა და დავიწყეთ ახალი სპეციალისტის ძიება.

თითქმის ყველა შესაძლო კანდიდატი განვიხილეთ, ედი ჯონსი იქნებოდა თუ ჯოშ სმიტი, თითქმის ყველას ვესაუბრეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ისეთ მწვრთნელზე, რომელსაც, ერთი მხრივ, აქვს ამბიციები, რომ აჩვენოს და დაამტკიცოს თავის წარმატება, მეორეს მხრივ, იყოს შეთავსებადი ჩვენს კულტურულ ნაწილთანაც. გასათვალისწინებელია ფინანსური საკითხიც, ყველა მწვრთნელი თავისი სისტემით მოდის, სისტემას სამი-ხუთი კაცი მაინც მოჰყვება. თუ ჩვენ გვინდა, რომ მწვრთნელმა პასუხისმგებლობა აიღოს, ეს თავისუფლება უნდა მივცეთ, რაც ბიუჯეტთან არის დაკავშირებული.

პრინციპში, აღარც არის დასამალი, რომ ინგლისელი მწვრთნელი – რიჩარდ კოკერილი ჩამოდის, რათა მასთან უფრო ახლო მოლაპარაკება გვქონდეს. მასთან მიკროდეტალები დაგვრჩა შესათანხმებელი და იმედია, ამას შევძლებთ. როგორც კი შეთანხმება შედგება, პრესკონფერენციას ჩავატარებთ და ყველაფერზე ვისაუბრებთ.

რაც შეეხება კოკერილს, მასზე ძალიან ბევრი ადამიანს ვესაუბრეთ, მათ შორის იმ ქართველ მოთამაშეებს, ვისაც ის წვრთნიდა. კარგი ის არის, რომ შუა ხნის ასაკშია და სრული ჯანით და ახალი შემართებით შეუდგება საქმეს. ინგლისის ნაკრებში მწვრთნელობის დაახლოებით ექვსი თვის გამოცდილება აქვს, მანამდე მათ სამწვრთნელო შტაბში იყო და ინგლისი რა სისტემებით აწყობს თავის გეგმებს, ეს ყველას კარგად მოეხსენება.

კარგია ასევე, რომ მას „ედინბურგში“ ფრენჩაიზთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ამავე დროს „შავი ლომიც“ უნდა ჩაიბაროს, რათა გუნდი და ნაკრები ერთ სისტემაში მოაქციოს. ჩვენი შეთავაზება კოკერილისადმი ორივეს მოიცავს, მან ორივეზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რაც ასევე დიდი გამოწვევაა. მას საშუალება ეძლევა, „შავ ლომში“ გამოცადოს მოთამაშეები, დააკვირდეს, როგორ გადავლენ ისინი ეროვნულ ნაკრებში, ეს ვერტიკალი ასე უფრო ძლიერდება.

რიჩარდთან ახლოს ვართ შეთანხმების მიღწევასთან, მხოლოდ დეტალებია დარჩენილი. თუ შევთანხმდებით, გრძელვადიან შეთავაზებას მიიღებს. ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, კონტრაქტი იქნება ოთხწლიანი – ერთს პლუს ერთი, პლუს ორი, ან 1+3 და ჩვენ გამოსაცდელ პერიოდს დავიტოვებთ. რაგბის კავშირის გამოწვევა არის ის, რომ კარგად დავაკვირდეთ, როგორ მიდის განვითარება, გუნდთან შეწყობის პროცესი. უნდა მივეჩვიოთ, რომ მწვრთნელის დანიშვნის გადაწყვეტილება არ არის მარტივი პროცესი.

ამასთანავე, გვექნება ამოცანები – მიჩვეული ვართ, რომ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპას სულ იგებს და მომავალშიც ასე უნდა იყოს, „შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერთასი უნდა მოიგოს, ვსაუბრობთ, რა გეგმა გვექნება „ჩელენჯ თასზე“. საბოლოო მიზანი და გეგმა არის 2027 წლის მსოფლიო თასზე თამაში. უნდა შევთანხმდეთ მიზნებზე, რასაც ყოველწლიურად გადავხედავთ და ღმერთმა არ ქნას, თუ რამემ არ გაამართლა, ვიტოვებთ გზას, რომ ცვლილებებზე წავიდეთ“, – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.