ლევან მაისაშვილი რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და „შავი ლომის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამიერიდან რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.

ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ოთხჯერ (2020, 2021, 2022, 2023) მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

2022 წელს „ბორჯღალოსნებმა“ მისი ხელმძღვანელობით ორი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს ტიერ 1-ის დონის ნაკრებებთან – იტალიასთან ბათუმში (28:19) და უელსთან კარდიფში (13:12).

მაისაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა, ჯამში, 42 თამაში ჩაატარა, 26 მოიგო, სამი ფრედ დაასრულა, 13-ში კი დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების პარალელურად, 2021 წლის შემოდგომიდან მაისაშვილმა პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ჩაიბარა და გუნდს ზედიზედ სამჯერ რაგბი ევროპის სუპერთასი მოაგებინა.

წელს კი „შავმა ლომმა“ მისი ხელმძღვანელობით სადებიუტო მატჩები ჩაატარა ჩელენჯ თასზე, სადაც სამი შეხვედრა დათმო („გოლსტერთან“, „კასტრთან“ და „კლერმონთან“), სტუმრად კი უელსში „სკარლეტსის“ დამარცხება მოახერხა.