რაგბი | ლევან მაისაშვილი - ვერ ავწიეთ ის ტვირთი, რაც მხრებზე დავიდეთ, მაგრამ არ ვთვლი, რომ მიზნები ან მოლოდინები მცდარი იყო #1TVSPORT
რაგბი | ლევან მაისაშვილი - ვერ ავწიეთ ის ტვირთი, რაც მხრებზე დავიდეთ, მაგრამ არ ვთვლი, რომ მიზნები ან მოლოდინები მცდარი იყო #1TVSPORT

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელზეც 2023 წლის მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ გამოსვლასთან დაკავშირებით მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის დეტალური ანგარიში მოისმინეს.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა მსოფლიო თასისთვის მოთამაშეთა სელექციაზე, მოსამზადებელ შეკრებებზე, ვარჯიშებზე, მიზნებზე და იმ ხელის შემშლელ პირობებზე, რომლებმაც გუნდს მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ და გამგეობის წევრებმა ლევან მაისაშვილსა და მის სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის, იტალიასა და უელსთან ისტორიული გამარჯვებებისთვის და იმ პროგრესისთვის, რაც ქართულმა რაგბიმ ბოლო პერიოდში განიცადა.

ლევან მაისაშვილი – „მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მიზანი ოთხივე თამაშზე მოსაგებად გასვლა და ორი გამარჯვება იყო. სამწუხაროდ, მისი შესრულება ვერ მოხერხდა – 65-70 წუთი თამაშში დარჩენის მიუხედავად, ავსტრალიამ 35:15, ხოლო უელსმა 43:19 მოგვიგო, ფრედ ვეთამაშეთ პორტუგალიას (18:18), ფიჯისთან კი ნუგეშის ქულას დავჯერდით – 12:17. ფიჯისთან მატჩის შემდეგ ქართული მხარის მიერ დაფიქსირებული მსაჯის 13 უხეში შეცდომიდან მსოფლიო რაგბმა 7 აღიარა.

მიუხედავად შეუსრულებელი მიზნისა, არჩევანი რომ მქონდეს, მიზნებსა და გეგმებში ბევრს არაფერს ან ვერაფერს შევცვლიდი. ვთვლი, რომ გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად თამაშობდა. თუ სტატისტიკას და თანმიმდევრობას დავაკვირდებით, ადვილი დასანახია – აქამდე არასდროს ყოფილა, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე ყველა თამაშში მოსაგებად ებრძოლა.

სამი შეხვედრაში მოგებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. შევცვალეთ სტანდარტი, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. დღეს ყველა მოთამაშეს და მომავალი სტაფის წევრს მხოლოდ ერთი სტანდარტი შეიძლება ჰქონდეს – ყველა გუნდთან მოსაგებად დაგეგმოს თამაში.

თუ გულწრფელები ვიქნებით და წარსულს გადავხედავთ, ამაში დავრწმუნდებით. ჩვენ დავუმიზნეთ ოთხივე თამაშს, ვერ შევძელით, მაგრამ არ ვთვლი, რომ მიზნები ან მოლოდინები მცდარი იყო. ვერ ავწიეთ ის ტვირთი, რაც მხრებზე დავიდეთ, ბევრ რამეში არ გაგვიმართლა. ალბათ თავგანწირვაც დაგვაკლდა, მაგრამ მცდელობა ნამდვილად გვქონდა. შედეგებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სრულად ვიღებ“, – განაცხადა მაისაშვილმა.

ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე ლევან მაისაშვილი მოვალეობის შემსრულებლად რჩება. ამასთან, იგი „შავ ლომს“ ჩელენჯ თასის შეხვედრებშიც უხელმძღვანელებს.