ირაკლი აბესაძე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმხილველთა რესურსი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გახსნილიყო, გამოძიებას დაკარგული აქვს
შსს-ს წარმომადგენლისა და საქმის პროკურორის დაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა, რომ გამოძიებამ თვითმხილველების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან დაგვიანებით დაკითხა, მას შემდეგ, რაც მომხდარიდან ორ კვირაზე მეტი იყო გასული, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
აბესაძის თქმით, დღეს თვითმხილველები საუბრობენ, რომ ბევრი არაფერი დაუნახავთ. თუმცა, როგორც აბესაძე აღნიშნავს, თუკი ყველა ამ პირის დაკითხვა დაუყოვნებლივ მოხდებოდა, შესაძლებელია, მეტი დეტალი აღედგინათ.
„პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ შსს-ს წარმომადგენლის, ბატონი სირაძისა და პროკურორის, ზვიად ფხაკაძის დაკითხვის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა, რომ გამოძიებამ თვითმხილველების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან დაგვიანებით დაკითხა და მათი ჩვენებები საქმეში 18-დან 21 დეკემბრამდე ჩნდება, მას შემდეგ, რაც მომხდარიდან ორ კვირაზე მეტია გასული.
დღესაც თვითმხილველები საუბრობენ, რომ მათ ბევრი არაფერი დაუნახავთ. ისინი ხორავას 4 ნომერში მიმდინარე ჩხუბზე ფრაგმენტულად საუბრობენ. თუმცა შთაბეჭდილება რჩება, რომ თუკი მოხდებოდა ყველა ამ ადამიანის დაკითხვა დაუყოვნებლივ, პირველ და ორ დეკემბერს, ისინი შესაძლებელია, მეტი დეტალის აღდგენას შეძლებდნენ. თუკი მათ მიეცემოდათ საშუალება, რომ არასრულწლოვნები ჩაცმულობით ამოეცნოთ, რომელთა ვიდეოკამერებზე დაფიქსირება შესაძლებელი გახდა მიმდებარე ობიექტების კამერებზე, მაშინ, რა თქმა უნდა, მათ ასევე შესაძლებელია, გამოძიებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმხილველების რესურსი, საქმე გახსნილიყო, გამოძიებას დაკარგული აქვს“,- განაცხადა აბესაძემ.
კითხვაზე, აღნიშნული მოწმეები იყვნენ თუ არა თავის დროზე ზეწოლის ქვეშ და ახლა შემთხვევის შესახებ ფრაგმენტულად იმიტომ ხომ არ ყვებიან, აბესაძე აცხადებს, რომ წინასწარი დასკვნისგან თავს შეიკავებს.
ამასთან, აბესაძის თქმით, პოლიცია, რომელიც აცხადებს, რომ საქმის გახსნა უჭირს, რადგან არასრულწლოვნები მასთან არ თანამშრომლობენ, თვითმხილველებს დაუყოვნებლივ არ კითხავს.
„როგორც კომისიის წევრი, თავს შევიკავებ ყოველგვარი წინასწარი დასკვნისგან და ჩემი შეხედულებისგან. შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ფაქტი დავაფიქსირო, რომ პოლიცია, რომელიც აცხადებს, რომ საქმის გახსნა უჭირს, რადგან არასრულწლოვნები მასთან არ თანამშრომლობენ, მსგავსი შინაარსის განცხადებებს მინისტრი აკეთებს, თვითმხილველებს დაუყოვნებლივ არ კითხავს.
მათი უმრავლესობა 18 დეკემბერს იკითხება, საინტერესო დეტალია, რომ დიდი უმრავლესობა აცხადებს, რომ 19 დეკემბერს ღამის ორ საათზე ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამმართველოში კვლავ მიიყვანეს. ეს არის ფაქტები, რომელიც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თვითმხილველებზე ზეწოლა იყო, თუ არა. მხოლოდ ის შემიძლია აღვნიშნო, რომ თვითმხილველები ძალიან გვიან დაიკითხნენ. ბევრი დეტალი, მათ შორის, ღამის 02:00 საათზე თვითმხილველის პოლიციაში მიყვანის აუცილებლობა, ჩემთვის ამოუხსნელია“,- განაცხადა აბესაძემ.
ხორავას ქუჩაზე დღეს ის პირი გამოიკითხა, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ადგილზე იმ ავტომობილით იყო მისული, რომლითაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.
კომისიის წევრებს უკვირთ, როგორ ვერ დაინახა მოწმე იორდანიშვილმა მოზარდების დაპირისპირება, როცა ამ დროს საკუთარ მანქანაში იჯდა და ეზოდან გასვლას ცდილობდა.