ირაკლი აბესაძე - მირზა სუბელიანის მიმართ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნები
პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის მიმართ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნები, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„ეს არის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა კომისიისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით, მოწმეზე ზემოქმედებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, რადგან ასეთი ტიპის ნიშნები მის განხორციელებულ ქმედებებში შეინიშნება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავენ.