ირაკლი აბესაძე - დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეს ახალ გარემოებებზე, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიკვეთა
ირაკლი აბესაძე - დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეს ახალ გარემოებებზე, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიკვეთა

გამოძიებას მოუწევს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ახალი გარემოებები ძალიან სწრაფად შეისწავლოს და საბოლოო დასკვნები გააკეთოს, – აღნიშნული განცხადება დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ დღეს, კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა.

როგორც აბესაძემ განაცხადა, დღეს გამოკითხულმა მოწმეებმა, კომისიას დამატებით მიაწოდეს ინფორმაცია იმ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც განცხადება ორი დღის წინ გაკეთდა.

„დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კვლავ დეტალურად ისაუბრეს და უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეს იმ ახალი გარემოებების შესახებ, რაზედაც ჩვენ ორი დღის უკან ვსაუბრობდით. სამწუხაროა, რომ ეს არასრულწლოვნები და ერთ-ერთი მათგანი არ იყო გამოკითხული ივნისის ბოლომდე. ისინი არ დაიკითხნენ პირველ დეკემბერს მომხდარ დანაშაულზე, რამაც საბოლოო ჯამში შექმნა სიტუაცია, რომ ჩვენ რვა თვის გასვლის შემდეგ გვიწევს ახალ ვერსიებზე, ახალ გარემოებებზე, ახალ ინფორმაციაზე საუბარი, რისი გადამოწმებაც დღეს გაცილებით უფრო რთულია. ასე რომ, გამოძიებას მოუწევს, ძალიან სწრაფად შეისწავლოს ეს გარემოებები და გააკეთოს საბოლოო დასკვნები“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს სამი არასრულწლოვანი გამოკითხა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ კომისიამ გამოკითხვების შედეგად, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოკვეთა, რის შესახებაც ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს.