ირა ჭელიძე - პოლიციელს თავში რომ ჩაარტყამ და რიგიდან ამოაძრობ, რა საჭირო იყო თმენის ვალდებულება
ირა ჭელიძე - პოლიციელს თავში რომ ჩაარტყამ და რიგიდან ამოაძრობ, რა საჭირო იყო თმენის ვალდებულება

ორი დღეა, ვისმენთ განმარტებას, რომ ორი საათის განმავლობაში პოლიცია თმენის ვალდებულებაში იყო და მაინტერესებს, რატომ, – ამის შესახებ სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პოლიციელებზე პირველი შეტევა რომ წავიდა, ჩემი სტუდენტები „ფეისბუქზე“ პოსტებს წერდნენ, ხალხო, საშინელება ხდება, ჩვენ ქვემოთ ჩამოვედით და არ ვიცით, იქ ვინ არიან ან საიდან მოვიდნენ, პროტესტის დროს ისინი ჩვენთან ერთად არ იყვნენო; არ გეგონოთ, ეს ჩვენ ვქენით, ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობთო. წამში სამი პოსტი იდებოდა, რათა მათ ახლობლებს გაგვეგო, რომ ეს ისინი არ არიან. ამ რკინის კონსტრუქციებით, თუ რაღაცით პირველი ტალღა რომ წავიდა, იმ წუთში რატომ არ მოხდა რეაგირება? რად უნდოდა ამას ორი საათის განმავლობაში თმენა? პოლიციელს თავში რომ ჩაარტყამ და რიგიდან ამოაძრობ, აქ რა საჭირო იყო თმენის ვალდებულება? ჩემთვის ეს აბსურდის თეატრია. ერთი წამით წარმოიდგინეთ რომ გავგიჟდი, ავიღე ქვა და პოლიციას თავში ჩავარტყი. ხომ წარმოგიდგენიათ, რას მიზამენ? ხომ დაგვიჭერენ?“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.

მისი თქმით, ერთ მხარეს არის მარკეტინგულად ძალიან კარგად გამართული სტრატეგია და მეორე მხარეს არის ის, რასაც სახელდება არ აქვს.

„სად არის უშიშროება და რატომ უშვებს გავრილოვს ქვეყანაში? საერთოდ, რა არის ეს კონფერენცია და რა საჭიროა მისი ჩატარება? რატომ არ ცხრილავს უშიშროება იმ ხალხს, რომლებიც ამ კონფერენციის ფარგლებში აქ შემოდიან? როცა უკრაინის ელჩი დარბაზს პროტესტის ნიშნად ტოვებს, რატომ არ არის ამაზე რეაგირება და რატომ არ სხდება და ბჭობს უშიშროების ხალხი, რომელსაც მე ფულს ვუხდი? საერთოდ, რატომ არ არის ქვეყანაში შეფასებული რისკები?“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, მმართველ პარტიაში კრიზისული მენეჯმენტის უნარი არ არის.

„არ გვყავს უშიშროების სამსახური, რომელიც რისკებს აფასებს. არ გვყავს კრიზისული მენეჯმენტის საბჭო, რომელიც ასეთ სიტუაციებს უნდა ალაგებდეს და არ აქვთ სტრატეგიული კომუნიკაციები, რომ გაგვაგებინონ, საერთოდ რა ხდება. მერე იწყება ვინ რა თქვა, როგორ თქვა და მერე – სრული განუკითხაობა, რაც იმ ღამით მთავრდება“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა ერთმნიშვნელოვნად უნდა იქნას აღკვეთილი, მაგრამ სხვა საკითხია, რა ფორმით და როგორ.

„მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემს ხელისუფლებას იმიტომ ვუხდი ფულს, რომ ისინი დასხდენ და გააკეთონ სწორი გაიდები; განსაზღვრონ, რითი დაშალონ, რეზინის ტყვიები გამოიყენონ, თუ არ გამოიყენონ, წყლის ჭავლი გამოიყენონ, თუ არ გამოიყენონ და ა.შ. ყველა ნაბიჯზე ხელისუფლება უკეთეს შემთხვევაში იჩენს უსუსურობას, უარეს შემთხვევაში – ბოროტ განზრახვას“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.

სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის რეაქცია დაგვიანებული იყო.

„მას შეეძლო ეთქვა – მე ვარ ვიზიტით, ჩამოვალ, გავერკვევი და გადავდგები. როგორც კი ეს გახმოვანდებოდა, ყველაფერ დანარჩენს თავიდან ავიცილებდით“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.