პარლამენტის ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით, გარკვეული შეზღუდვები დგინდება სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებით ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ასეთი სააგიტაციო მასალის გამავრცელებელი და გავრცელების დამკვეთი კი ვალდებულია, უზრუნველყოს მისი დაუყოვნებლივ ჩამოხსნა/დემონტაჟი/აღება.
ასევე ცვლილებებით, სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებით, სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება დასაშვებია მხოლოდ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ, ან პოლიტიკური პარტიის, ან საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით.
ამასთან, კანონპროექტში ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით საჯარო სივრცეში გავრცელებული აღნიშნული სააგიტაციო მასალა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.
სააგიტაციო მასალის ამ პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, გამავრცელებელი და გავრცელების დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს მისი დაუყოვნებლივ ჩამოხსნა/დემონტაჟი/აღება. აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისათვის, კანონპროექტით განისაზღვრება ჯარიმაც 2000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ დაჯარიმებული პირი არ უზრუნველყოფს შესაბამისი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას, იგი აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ყოველი 3 დღის გასვლისთანავე დაჯარიმდება 4000 ლარის ოდენობით, ვიდრე არ უზრუნველყოფს ამ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, მას ცვლილებებით, შეადგენენ ცესკო-ს თავმჯდომარე, ცესკო-ს და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები, თუმცა თანამდებობის პირები.