იოსებ ჭელიძე - მიკროავტობუსი, რომელშიც 20 მოქალაქე იმყოფებოდა, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა კლდოვან ფერდობზე, სამწუხაროდ, გვყავს 17 გარდაცვლილი
მიკროავტობუსი, რომელშიც 20 მოქალაქე იმყოფებოდა, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა კლდოვან ფერდობზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ განუცხადა.
ჭელიძემ მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ფაქტს რაც შეეხება, 112-ის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება შატილი-ბარისახოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. შეტყობინებისთანავე რეაგირებაზე გამოვიდა როგორც სამაშველო, ისე კრიმინალისტიკური სამსახური და სამხარეო პოლიცია. ადგილზე მისულებს დახვდათ შემდეგი ფაქტი: დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდნილი იყო შატილიდან ბარისახოსკენ მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სადაც იმყოფებოდა 20 მოქალაქე, მძღოლთან ერთად. სამი მოქალაქე მაშველების მიერ ამოყვანილი იქნა მძიმე დაზიანებებით და გადაყვანილ იქნენ შესაბამის დაწესებულებებში. სამწუხაროდ, 17 მოქალაქე გვყავს გარდაცვლილი. გარდაცვლილებიც ამოსვენებულები და გადასვენებულები არიან შესაბამის დაწესებულებაში“, – განაცხადა იოსებ ჭელიძემ.
მისივე თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და შემთხვევის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
იოსებ ჭელიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის არასრულწლოვანი არ ყოფილა.
„მიმდინარეობს იდენტიფიცირება, ვიზუალური დათვალიერებით ასეთი არ იკვეთება, ხვალ ალბათ უკვე გვეცოდინება დაზუსტებული ინფორმაცია“, – დასძინა იოსებ ჭელიძემ.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას.