შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი შატილის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი შატილის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა სამი მოქალაქე. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.