ინტერპოლის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში 18 ქართველია
ინტერპოლის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში 18 ქართველია

ინტერპოლის ყვითელი ცირკულარის სისტემაში, რომლითაც უგზო-უკვლოდ დაკარგულ 1,208 ადამიანს ეძებენ, 18 ქართველია. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ბავშვობის პერიოდშია დაკარგული, ამიტომ ინტერპოლის ოფიციალურ საიტზე მათი ბავშვობის დროინდელი ფოტოებია გამოქვეყნებული, ამჟამინდელი ასაკის ველში კი მითითებულია უკვე სრულწლოვანი ადამიანის ასაკი.

2004 წელს ქუთაისში დაბადებული ნუგი დვალიშვილი, რომელიც ცხრა წლის ასაკში დაიკარგა, დღეს 23 წლის უნდა იყოს. დაკარგულის მონაცემებში მისი აღწერილობაც იმ ასაკს შეესაბამება, როგორიც მშობლებს – ზაზა დვალიშვილს და თამარ გურგენიძეს ახსოვთ: სიმაღლე 1.55, წონა 50 კილოგრამი. გაუჩინარებულ ქართველ ბავშვზე ინტერპოლმა ყვითელი ცირკულარით ძებნა 2006 წელს გამოაცხადა.

შვიდი და რვა წლის ასაკის იყვნენ დაკარგვის დღეს თამარ და გიორგი ჯავანები, დღეს კი მათი ასაკი 27 და 28 წელია. თბილისში დაბადებული და-ძმა 1997 წლის შემდეგ არავის უნახავს. უკვე 20 წელია მათ ვერც ინტერპოლის საშუალებით პოულობენ.

გაუჩინარებულ პირთა სიაში ყველაზე პატარა ბავშვის ფოტო 1998 წელს, თბილისში დაბადებულ ელენე გარსოიანს ეკუთვნის. საქართველოს მოქალაქე საფრანგეთში შვიდი წლის ასაკში, 2005 წელს დაიკარგა. ელენეს დღევანდელი ასაკი 19 წელია.

ჩამოთვლილი ბავშვების დაკარგვის საქმეებისგან განსხვავებით, უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვება 2002 წლის 24 ივლისს დაბა წყნეთიდან გატაცებულ 15 წლის მარიამ გოგინაშვილზე. მას 18 ივლისს 31 წელი შეუსრულდება. ინტერპოლს მარიამზეც ​მხოლოდ დაკარგულის პოვნისთვის საჭირო მასალა აქვს განთავსებული, თუმცა 16 წლის წინ გახმაურებული გატაცების დეტალები ცნობილია მედიისთვის. სწორედ ჟურნალისტების მიერ მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, 2002 წლის 25 ივლისს, ანუ გატაცების მომდევნო დღეს, გამტაცებლები მარიამის მამას ტელეფონით დაუკავშირდნენ და მოზარდის გათავისუფლების სანაცვლოდ, 100 000 დოლარი მოითხოვეს. გოგონას მამამ თანხა თბილისში, დათქმულ ადგილას მიიტანა, თუმცა დამნაშავეებმა პირობა არ შეასრულეს, მარიამი არ გაუთავისუფლებიათ და აღარც ოჯახს დაკავშირებიან.

გაუჩინარებულთა სიაშია კიდევ ერთი, 16 წლის ქართველი გოგოს, დარეჯან დიასამიძის გახმაურებული საქმე. დარეჯანი ხუთი წლის წინ, 2013 წელს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში დაიკარგა. მოზარდი 7 აგვისტოს, ღამით ბიძის ოჯახში დარჩა. სახლში დილით ბრუნდებოდა. სახლისკენ მიმავალი გოგონას კვალი ერთკილომეტრიან მჭიდროდ დასახლებულ გზაზე იკარგება.

2010 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისში დაკარგული 19 წლის ნათია გიორგიძე კი სახლიდან მეგობრის შესახვედრად გავიდა. ნათია სათვალთვალო კამერამ პუშკინის ქუჩის ჩიხთან დააფიქსირა. შებინდებისას იმავე ტერიტორიიდან შავი BMW-ს მარკის ავტომობილი გამოვიდა, რომლის სანომრე ნიშნები კამერაზე არ ჩანს. დედა ეჭვობდა, რომ გოგონა სწორედ აღნიშნული ავტომობილით გაიტაცეს. პუშკინის ქუჩის ჩიხი მდინარე რიონთან ჩადის, სადაც გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ, ნათიას პირადობის მოწმობა იპოვეს. ადგილობრივმა პოლიციამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა. სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ გოგონას კვალი, ოჯახის ინფორმაციით, თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ჩნდება. დაკარგულის მშობლები ირწმუნებოდნენ, რომ ნათია ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. ეს ინფორმაცია ოჯახმა სამართალდამცველებსაც მიაწოდა, თუმცა გამოძიებას დღემდე არ აქვს პასუხი, სად იმყოფება რვა წლის წინ დაკარგული, დღეს უკვე 26 წლის ნათია გიორგიძე.

ნიკა საღირაშვილი ორი წლის წინ, 2016 წლის 28 მაისს საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ქორდიდან გაუჩინარდა. ის სახლიდან სარწყავი წყლის გამო გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ნიკა საღირაშვილი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. უკვე მეორე წელია, ოჯახთან ერთად, ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმისგან ნიკა საღირაშვილზე ინფორმაციის მიღებას უშედეგოდ ითხოვს. ერგნეთის მოლაპარაკებებზე თითქმის ყოველი შეხვედრის დროს მიდიან დაკარგული ქართველის მშობლები. ისინი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო საზღვართან დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს ითხოვენ. ცხინვალის ე.წ. ოფიციალური პირები 27 წლის ახალგაზრდის გაუჩინარებასთან კავშირს უარყოფენ. ნიკა საღირაშვილი ინტერპოლმა დაკარგულთა სიაში შეიყვანა.

საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული 2016 წელს დაკარგულ გემელი ნებაძეზე. 40 წლის მამაკაცი ასპინძის რაიონის სოფელ ტოლოშიდან თურქეთში სამუშაოდ 2016 წლის 5 აგვისტოს წავიდა. ჯანმრთელობის პრობლემის გამო, თურქმა დამსაქმებელმა სამშობლოში გამოუშვა, თუმცა ნებაძე ოჯახში არ დაბრუნებულა. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ოჯახმა დახმარებისთვის დაკარგვიდან მალევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებისგან პასუხიც მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქართული მხარე თურქეთის კომპეტენტური ორგანოებისგან მოკვლევის შედეგებს ელოდებოდა. გემელი ნებაძის კვალს დღემდე ვერავინ მიაგნო.

ინტერპოლის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია 2007 წლის 21 მარტს დაკარგული, თბილისში დაბადებული 19 წლის ანა მიქუტიშვილი და საქართველოს ექვსი მოქალაქე, ზრდასრული მამაკაცები, რომელთა შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება. ესენი არიან:

2014 წელს უკრაინაში, დონეცკის რაიონიდან დაკარგული ორი ქართველი: ქობულეთელი 41 წლის დავით შავიშვილი და გულრიფშში დაბადებული 35 წლის გოპალ სტეპლიანი;

2010 წელს 32 წლის ასაკში თურქეთში დაკარგული თერჯოლელი გოგა ხახალეიშვილი;

2012 წელს კანადაში იახტის ჩაძირვის შემდეგ დაკარგული 36 წლის ზაზა ლაცაბიძე, რომელიც ხაშურიდან, ოჯახის ინფორმაციით, უცხო ქვეყანაში სამუშაოდ იყო წასული;

2011 წელს 56 წლის ასაკში რუსეთის ფედერაციაში დაკარგული საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ხოშბეკიანი და ამავე წელს 49 წლის ასაკში საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული მალხაზ კაკაშვილი გორიდან.