ინტერნეტის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, იუთუბი და ნეტფლიქსი ევროპაში ვიდეოს ხარისხს ამცირებენ
ინტერნეტის კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, ნეტფლიქსი და იუთუბი ევროპაში ვიდეოს ხარისხს შეამცირებენ, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, ინტერნეტის მოხმარება უპრეცედენტოდ არის გაზრდილი.
ორივე კომპანიის განცხადებით, შეზღუდვა ყველა ვიდეოს შეეხება და სულ მცირე 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„ჩვენი შეფასებით, ეს ნაბიჯი ევროპის ქსელებში ნეტფლიქსის ტრაფიკს დაახლოებით 25 პროცენტით შეამცირებს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი მომხმარებლებისთვის უზრუნველვყოფთ კარგი ხარისხის სერვისს“, — ამბობს განცხადებაში ნეტფლიქსის პრესსპიკერი.
იუთუბის მფლობელი, გუგლის პრესსპიკერი კი აღნიშნავს:
„სისტემაზე სტრესის შესამცირებლად, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს მთავრობებთან და ქსელის ოპერატორებთან, ამავე დროს კი შევინარჩუნებთ მომსახურების კარგ ხარისხს“.
კომპანიების ეს განცხადება ევროკავშირის ხელმძღვანელობის მოთხოვნას მოჰყვა, რომლებმაც სტრიმინგ-სერვისებსა და მოსახლეობას მოუწოდეს, უარი თქვან მაღალი გარჩევადობის ვიდეოების ყურებაზე, რათა არ მოხდეს ინტერნეტის შეფერხება.
მაშინ, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლაში მრავალმა ქვეყანამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, ასობით მილიონი ადამიანი სახლიდან მუშაობს, უფრო მეტი მოსწავლე კი სკოლის გაკვეთილებს ონლაინ-სტრიმების საშუალებით ესწრება. შესაბამისად, ინტერნეტი უზარმაზარი დაწოლის ქვეშ მოექცა.